ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბებიფოტო

„ოჯახური კავშირები“ – ვინ გაიმარჯვა ევროკავშირის ფოტოკონკურსში

3 აპრილი, 2023 • 1422
„ოჯახური კავშირები“ – ვინ გაიმარჯვა ევროკავშირის ფოტოკონკურსში

“როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მსოფლმხედველობასთან და მომავალთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?”-  ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომლებზეც ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა ფოტოკონკურსი, სახელწოდებით “ოჯახური კავშირები”. 

კონკურსი ორგანიზებული იყო EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ პოლონურ Fotofestiwal-თან პარტნიორობით.

„ჩვენ ამ ფოტოკონკურსის დახმარებით სიამაყით ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის ურთიერთობას და ფოტოგრაფიის, როგორც რეალობის ასახვისა და ცვლილებების იარაღის, ძალის წარმოჩენას. „ოჯახისა და ოჯახური კავშირების თემა ხაზს უსვამს ჩვენი საზიარო ღირებულებების მნიშვნელობას და იმ როლს, რომელსაც ოჯახი საზოგადოებათა ფორმირებაში ასრულებს“, — განაცხადა დაჯილდოეიბს ცერემონიაზე პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ფოტოკონკურსში მონაწილეობდნენ ფოტოგრაფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. 

გამარჯვებული ფოტოგრაფი საქართველოდან

ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებული საქართველოდან ნათელა გრიგალაშვილი გახდა პროექტით, „ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები“. ნათელა გრიგალაშვილი თბილისში მცხოვრები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. იგი ძირითადად საქართველოს სხვადასხვა სოფელში გრძელვადიან დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს. მისი გამარჯვებული პროექტი, “ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები”, მაღალმთიანი აჭარის მომთაბარე ოჯახების ცხოვრებას იკვლევს.

ფოტოგრაფი ამ პროექტს ასე აღწერს:

„მაღალმთიანი აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარეა. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციები და ცხოვრების ძველი წესები. თუმცა ამ მაღალმთიან მხარეში მცხოვრებთა იზოლაცია და გაუცხოება უკვე დიდი ხანია, მუდმივ პრობლემადაა ქცეული. ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით მძიმე ბოლო რამდენიმე ათწლეული აღმოჩნდა. ქვეყანაში არსებულმა რთულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ რეგიონის განვითარება და აქ მცხოვრებთა დანარჩენ ქვეყანასთან ინტეგრაცია შეაფერხა.

უკვე წლებია, რაც აჭარის მკვიდრებს არ მიუწვდებათ ხელი სათანადო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა მრავალ სერვისზე. სოფლებში ხშირად ითიშება ელექტროენერგია და ზამთრის დიდთოვლობების დროს გზებიც იკეტება. მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო აჭარის მრავალი სოფელი დღეს დაცარიელებულია. მრავალი ოჯახი ეკომიგრანტი გახდა, რადგან ისინი იძულებული გახდნენ, გადასულიყვნენ საქართველოს სხვა რეგიონებში ან საზღვარგარეთ — ძირითადად, თურქეთში. ხულო და ღორჯომის ხეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველაზე მაღალი დასახლებებია. ხეობაში სხვადასხვა სიდიდის 18 სოფელი მდებარეობს. ზოგ სოფელში, მცირე მოსახლეობის გამო, მხოლოდ დაწყებითი სკოლებია გახსნილი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასასწრებლად სხვა სოფლებში სიარული უწევთ. სოფლებს შორის გზები დაზიანებულია, ინფრასტრუქტურა კი გაუმართავია.

ამ სოფლების თითქმის ყველა მცხოვრები მუსლიმია და ყველა მოზრდილ სოფელში მეჩეთი დგას. ადგილობრივები ძირითადად მესაქონლეები არიან, მაგრამ საძოვრების სიმწირის გამო მათ თავიანთი ნახირი ზაფხულში მთებში აჰყავთ და იქ გვიან შემოდგომამდე რჩებიან. მომთაბარე აჭარლებს წელიწადში რამდენჯერმე უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამის მიუხედავად, კაცების უმრავლესობა თურქეთშიც მუშაობს და დამატებითი შემოსავლისთვის სეზონურ სამუშაოს ასრულებს. ასეთი მძიმე მდგომარეობის გამო ამ მაღალმთიანი რეგიონის უნიკალური ტრადიციები ნელ-ნელა ქრება, ხოლო მისი გამორჩეული ცხოვრების წესი დავიწყებას ეცემა“.

ფოტოკონკურსის დანარჩენი გამარჯვებულები არიან ნაზიკ არმენაკიანი (სომხეთი), ორხან აზიმოვი (აზერბაიჯანი), პაშა კრიტჩკო (ბელარუსი), კატერინა შოშევა (მოლდოვა) და მარისია მიანოვსკა (უკრაინა).

მასალების გადაბეჭდვის წესი