ახალი ამბები

კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არ ყოფილა

30 მარტი, 2023 • 1223
კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არ ყოფილა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მეტროში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არავის მხრიდან ყოფილა გაცემული.

კახა კალაძე აცხადებს, რომ ზოგადად დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საინფორმაციო პლაკატების უნებართვოდ განთავსება ხშირია.

„მეტროში პლაკატების გაკვრაზე არავის მხრიდან ყოფილა ნებართვა გაცემული და ვერც იქნებოდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. მსგავს ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება — შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, — განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს, რომლის ინფორმაციით, პლაკატები, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაკრული. „მოღალატე ჯაშუშები“ — წერია პლაკატებზე.

თბილისის ქუჩებში ასევე გამოკრულია პლაკატები, რომლებზეც გამოსახული არიან  უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერები და „საქართველოს სირცხვილი“ აწერია. აღნიშნული პლაკატების ფოტოები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პლაკატების გამოკვრით პოლარიზაციის ინიციატორები ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.

„პარტიის თავმჯდომარემ [ლევან ხაბეიშვილმა] გამოაქვეყნა დიდი ემოციით, რომ რა კარგი რაღაც მოხდა და აპიარებდნენ მთელი დღე ამას. შემდეგ დილით რომ დახვდათ ათეულობით ათასი პლაკატი ქალაქში, ის აღარ მოეწონათ და თქვეს, რომ ეს არის სიძულვილის ენის შემცველი. გუშინ სიყვარულის ენის შემცველი იყო, ეტყობა, დღეს სიძულვილის ენის შემცველია. აქაც ორმაგი სტანდარტია“, — თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი