საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ(სემეკ) “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”(GWP) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმების საფუძველი სალიცენზიო პირობების დარღვევაა. “სემეკში აცხადებენ, რომ შესაბამისი წერილი ჩუღურეთის რაიონის გამგეობისგან მიიღეს.
“[წერილში] აღნიშნული იყო, რომ ოსიაურის ქუჩაზე, 2022 წლის 8 აპრილს, წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები.
ჩუღურეთის გამგეობის წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა”, — ნათქვამია “სემეკის” განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, GWP-მ განმარტა, რომ ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით 2022 წელს 8 ტენდერი ჩატარდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტენდერში მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელების გამო.
“სემეკის შეფასებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რამაც გამოიწვია ოსიაურის ქუჩაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა, უზრუნველყოს ოსიაურის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან”, — ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია GWP სასმელი წყლით ამარაგებს თბილისისა და ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, ისევე როგორც სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს.
