ახალი ამბები

სააკაშვილი ომბუდსმენს სთხოვს, ხელი შეუწყოს ექიმების კონსილიუმის “ვივამედში” შესვლას

28 მარტი, 2023 • 636
სააკაშვილი ომბუდსმენს სთხოვს, ხელი შეუწყოს ექიმების კონსილიუმის “ვივამედში” შესვლას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს იმ ექიმების კონსილიუმის “ვივა მედში” შესვლას, რომლებიც ომბუდსმენის მანდატის ფარგლებში მუშაობენ.

“ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს, შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას. უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან. ვთხოვ სახალხო დამცველს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

ლევან იოსელიანის განცხადებით კი, ზემოხსენებული კონსილიუმი, საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა,  გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული.

“აღნიშნული ჩემი მხრიდან შესრულებულია და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გადაეცემათ რწმუნებები. ჯერ კიდევ წინა კვირას, კონსილიუმთან შეხვედრის დროს, მივაწოდე მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, არაორაზროვნად და ცალსახად განვმარტე, რომ ჩემი მხრიდან კონსილიუმს ექნებოდა ყველანაირი ხელშეწყობა. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, შენარჩუნებულია და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება”, – აცხადებს ომბუდსმენი.

ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის დასკვნა სასამართლოშიც განიხილეს. საბოლოოდ მოსამართლემ არ მიიღო სააკაშილის ვადაზე ადრე გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი