ახალი ამბები

ვგმობთ უწყვეტ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ – ქალი დეპუტატები

27 მარტი, 2023 •
ვგმობთ უწყვეტ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ – ქალი დეპუტატები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თათია სამხარაძესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან და სოლიდარობას უცხადებენ მას და ყველა ქალს, რომელიც სექსუალური შევიწროების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლი გახდა.

ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ქალმა დეპუტატებმა ოპოზიციიდან- ანა ნაცვლიშვილმა, თეონა აქუბარდიამ, ხატია დეკანოიძემ, ანა ბუჩუკურმა, ხათუნა სამნიძემ, ანი წითლიძემ, სალომე სამადაშვილმა და თამარ კორძაიამ.

დეპუტატები ერთობლივი განცხადებით გმობენ მიმდინარე დღეებში ძალადობრივი და პროპაგანდისტული მანქანებით უწყვეტ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ, „რომელმაც თავისი ბრძოლით და გამბედაობით შეძლო დაერღვია ტაბუ – მან სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში“.

„სასტიკად ვგმობთ მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამ და სხვა სავარაუდო შევიწროვების ფაქტებზე, რაზეც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კიდევ 4 ქალი ალაპარაკდა. მათაც საჯაროდ ამხილეს შალვა რამიშვილი, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე არის შევიწროების ფაქტზე მხილებული თათია სამხარაძის საქმეზე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხელისუფლება გასცდა დუმილის ფაზას, რაც გვინახავ სსხვა საქმეებში, და ღია მხარდაჭერას უცხადებს შემავიწროებელს, რითიც ეუბნება ძალადობის და დისკრიმინაციის ყველა მსვერპლს, რომ დადუმდნენ და ახალისებენ მოძალადეებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ გზავნილის გასავრცელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა.

ასევე, მიუღებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი  შეუწყოს არა მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვისათვის საკანონმდებლო ბაზის, არამედ კანონების პრაქტიკაში აღსრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნას“, – აცხადებენ ქალი დეპუტატები.

დეპუტატების განცხადებით, გასული დღეეში საზოგადოებამ ნახა ყველაზე საშიში და მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად გამოიყენეს სახელმწიფო ინსტიტუციები მსხვერპლის დევნისა და ცრუ ნარატივების კვლავ წარმოებისათვის.

„მიუღებელია, როდესაც უფლებების და მართლწესრიგის დაცვის მოტივით, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, იჭრებიან ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში. აღნიშნული ინციდენტი აღრმავებს ეჭვს – უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის გამოყენებისა და პარტიული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო მანქანის ბოროტად გამოყენების შესახებ.

ის ფაქტი, რომ შევიწროებაში სასამართლოს მიერ მხილებული პირი საჯაროდ იმუქრება, რომ მამხილებელი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გასაჯაროვდება, აჩვენებს ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის განცდას, რაც სახელმწიფოსა და კანონის სრულ უუნარობას ააშკარავებს“, – აცხადებენ დეპუტატები.

დეპუტატები ითხოვენ, რომ საგამოძიებო უწყებებმა შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნისა და ოპერაციას; ასევე შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ სხვა ქალების მიერ გახმიანებულ ბრალდებებს შალვა რამიშვილის მიერ განხორციელებული შევიწროების შესახებ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩათვლით.

„ასევე მოვუწოდებთ საქართველოს სახალახო დამცველს, გამოხატოს საჯარო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით; ამასთან, მოვუწოდებთ მას, განახორციელოს კანონით და მისი მანდატით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება – დაიცვას თათია სამხარაძის უფლებები, რადგან სახეზეა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონდებლობის განგრძობადი დარღვევა. კერძოდ, თათია სამხარაძე იდევნება მის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტის მხილებისა და სასამართლოში დავის მოგების გამო“, – ნათქვამია ქალი დეპუტატების განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა პარტია „დროამ“, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ქალებს, რომლებიც ბედავენ მოძალადეების წინააღმდეგ ხმა ამოიღონ, ხშირად უპირისპირდება სახელისუფლებო სისტემა.

„სისტემა, რომელიც ამ ქალების წინააღმდეგ მის ხელში არსებულ ყველა საშუალებას იყენებს – უქვეყნებს პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონოდ მოპოვებულ კადრებს, ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გასავრცელებლად ამუშავებს პროპაგანდისტულ მანქანას.

ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის დაცვის მიზნით, თათია სამხარაძის წინააღმდეგ, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების გარდა, „ქართული ოცნების“ ე.წ. ექსპერტები, მხარდამჭერები, ტროლები და, რაც მთავარია, სახელმწიფო ინსტიტუტები ამოქმედდნენ.

ის, რომ შალვა რამიშვილი გამამტყუნებელი განაჩენისა და სექსუალური შევიწროების ათობით ისტორიის შემდეგ, ტელევიზიის ეთერში ზის, ზურგს „სუსი“ უმაგრებს და აქვს ბერკეტები, უსამართლო ბრძოლაში ზიანი მიაყენოს ამ ქალებს, ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას, გვავალდებულებს, დავდგეთ ამ ქალების გვერდით. არცერთ მოძალადეს არ უნდა ეგონოს, რომ რომელიმე ქალს მარტო დავტოვებთ“, – ნათქვამია „დროას“ განცხადებაში.


ბოლო დღეებში რამდენიმე ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ სხვადასხვა დროს პროსამთავრობო და „ხალხის ძალის“ მხარდამჭერი „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის სამიზნეები გახდნენ.

პირველი ისტორია მაკო ჯაბუამ გაავრცელა ფეისბუკზე. მას შემდეგ, ასევე, საჯარო განცხადებები გამოაქვეყნეს გვანცა ბუდაღაშვილმა და ანანო იაშვილმა.

მაკო ჯაბუაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მისთვის რამიშვილთან დაკავშირებით ბრალდებები დამაჯერებელი არ არის.

„7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა… ეს, დიდი ალბათობით, არის ფაშისტური კამპანიის ნაწილი.

ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ როდესაც ფაშიზმის კამპანიას ემთხვევა ეს ყველაფერი, მინიმუმ ძალიან საეჭვოა. ეს არის კრიტიკული ტელეკომპანიის და ჟურნალისტების, წამყვანების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება თათია სამხარაძეს, ის  ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და მას ორი ინსტანციის სასამართლოც მოუგო.

რამდენიმე დღეა შალვა რამიშვილის ტელეარხ POSTV-ის გაჩაღებული აქვს ბრძოლა თათია სამხარაძის წინააღმდეგ.

24 მარტს POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ენმ-ის წევრმა დიმიტრი ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. რის შემდეგაც პოლიცია ჩიქოვანის სახლში მივიდა.

თავად თათია სამხარაძე აღნიშნულს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და თქვა, რომ „პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით პოსტივი ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“. თათია სამხარაძის თქმით, გრძნობს და შიშობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა, საქართველოში საფრთხეშია.

26 მარტს რამიშვილის ტელევიზია აცხადებდა, რომ სამხარაძე კვლავ ჩიქოვანის ბინაში იმალებოდა. თუმცა ქალმა, რომელმაც შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე დავა სასამართლოში მოუგო, ფეისბუკზე დადო ვიდეო საკუთარი სახლიდან. ვიდეოზე ის მამასთან ერთად არის აღბეჭდილი.

თათია სამხარაძემ 27 მარტს განაცხადა, რომ მისი შემავიწროებლის ტელევიზიის წარმომადგენლები ამ დრომდე მის საცხოვრებელ ბინასთან იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი