ცხინვალიდან ხუთ კილომეტრში მდებარე სამ ქართულ სოფელს ოსურმა მხარემ წყლის მიწოდება აღუდგინა. ამის შესახებ ნეტგაზეთს სოფელ სოფელ ქორდის მკვიდრმა გია ჯალაბაძემ განუცხადა.
წყლის მიწოდება ოსურმა მხარემ სოფელ ქორდს 2008 წლის ომის შემდეგ შეუწყვიტა. მოსახლეობა წყალს სამი კილომეტრის მანძილიდან ეზიდებოდა. შემდეგ სოფელში 150 მეტრის სიღრის ჭაბურღილები გააკეთეს და სასმელი წყლის პრობლემაც მოიხსნა.
”მაგრამ მოსავლის მორწყვა დღემდე ვერ ხერხდებოდა. შარშან ამინდმა შეგვიწყო ხელი და მოსავალი მეტნაკლებად მოვიდა” – ამბობს ჯალაბაძე.
მისივე თქმით, სოფლებს წყლის მიწოდება რამოდენიმე დღეა აღუდგა:
„რუსებთან ბაზაზე ავიდნენ სოფლელები. ხმებოდა მოსავალი, ზოგს 5 ათასი ძირი პომიდორი აქვს დარგული, ისინი ამით ირჩენენ თავს. სოფელი ქორდი ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. სოფლიდან ხუთას მეტრში რუსული ბაზებია განთავსებული. ასევე უწყლოდ იყვნენ სოფლები არბო და დიცი. ტყვიავი და სხვა ქვემოთა სოფლები მანამდეც ირწყვებოდა. ჩვენგან კი ძალიან დაბლაა ლიახვი, გამორიცხული იყო, რომ სარწყავად გამოგვეყენებინა.“
სოფელ ქორდის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ქართულმა მხარემ, წყლის სანაცვლოდ, შესაძლოა ახალგორს გაზი მიაწოდოს: ”მაგრამ, თუ მათ გაზი არ მისცეს, მაშინ შესაძლებელია რუსებს ჩვენი მოსავალი სჭირდებათ, რომელსაც შემოდგომისთვის მოვიყვანთ, ასე ამბობს ხალხი. ტყუილუბრალოდ რუსი არაფერს არ აკეთებს, ტყუილუბრალოდ წყალს არ მოგვცემდნენ“,- უთხრა ნეტგაზეთს გია ჯალაბაძემ.