ოპოზიციონერი დეპუტატი “ლელოდან”, სალომე სამადაშვილი პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს და მას რიტორიკულად ეკითხება, თუ რატომ არ იწყებს ყველა მის გამოსვლას სიტყვებით – Mea culpa („დამნაშავე ვარ“).
დღეს ღარიბაშვილი პარლამენტში დეპუტატების პასუხობს. კითხვა-პასუხის დაწყებამდე ღარიბაშვილი სიტყვით წარდგა, რა დროსაც ისაუბრა კანდიდატის სტატუსის პერსპექტივაზეც საქართველოსთვის. მან კვლავ ისაუბრა „მესამე მსოფლიო ომის“ რისკზე და გაიმეორა “ქართული ოცნების” პროპაგანდა იმის შესახებ, რომ რიგ ძალებს, მათ შორის უკრაინელებს, საქართველოს „უკრაინიზაცია“ და ომში ჩართვა სურთ. მან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს ქვეყნის მტრები და მე-5 კოლონა უწოდა, თუმცა არ დააკონკრეტა, ვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა ოპონენტები.
„როგორც გაფუჭებული საათი ხანდახან სწორ დროს აჩვენებს, ასე დღეს ამ კაცმა, რომელსაც ამ ქვეყნის სამარცხვინოდ ჰქვია დღეს პრემიერ-მინისტრი, ერთი სწორი რამ თქვა – რომ ქვეყნის მტრობაა ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლა. და ეს თუ ასეა, თქვენ რატომ გქვიათ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი?! უმრავლესობაში რატომ ზის ეს ხალხი?!..იმიტომ, რომ თქვენი დამსახურებითა და ქვეყნის მტრობით არ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. და ეს თუ სწორია, დღეს აქ, ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე ნაცარი და არ დაურიგეთ თქვენს უმრავლესობას აქ პარლამენტში და „მეა კულპათი“ რატომ არ დაიწყეთ საკუთარი გამოსვლა. სამჯერ უნდა დაიძახოთ „მეა კულპა“, რაც ლათინურად ნიშნავს „დამნაშავე ვარ““, – აცხადებს სამადაშვილი.
სამადაშვილმა ასევე უთხრა ღარიბაშვილს, რომ იგი დამნაშავეა იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებმაც „სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, რადგან არანაირ სტატუსზე არ იქნებოდა საუბარი, რუსეთის დავალება რომ ბოლომდე მიეყვანათ და მიეღოთ რუსული კანონი, თქვენ კი მათ უწოდებთ სატანისტებს“.
„დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე, იმიტომ, რომ აქ ვერ გაბედავდი შენ დგომასა და საუბარს კანდიდატის სტატუსზე, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ, მათ შორის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, და დამნაშავე ვარ და მაპატიეთო, უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის, რუსების მიერ მოკლული, გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის. აქ რომ სამარცხვინოდ გამოდიხარ და იმაზე საუბრობ ნიშნის მოგებით, რომ უკრაინაში თურმე რა დღეში არიან და „უკრაინიზაცია უნდა“ თურმე ვიღაცას…
სამარცხვინო ხარ და უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა „დამნაშავე ვარ!“ – „მეა კულპა!“. ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს, იმიტომ, რომ გიწევს ამ სირცხვილით ცხოვრება თქვენ და ყველა თქვენგანს, რომ ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით“, – დასძენს ის.
გამოსვლის ბოლოს სამადაშვილი ამბობს, რომ ევროკომისია მალე საჯაროდაც იტყვის იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებს და “ტოვებ ქვეყანას სტატუსის გარეშე. მერე სად გაიქცევი, მე არ ვიცი“.