შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მუხიანში, ლიფტში კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გუშინ მუხიანის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში კაცის ცხედარი იპოვეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცხედართან ახლოს იყო ცეცხლის კვალიც. ამ უკანასკნელს ადასტურებს შსს-ს დღევანდელი განცხადება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – წერს უწყება და დასძენს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე, რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.