ახალი ამბები

უპირებენ, დააბრუნონ ციხეში – გიული ალასანია 

22 მარტი, 2023 • 2180
უპირებენ, დააბრუნონ ციხეში – გიული ალასანია 

“როგორც ჩანს, აპირებენ, რომ დააბრუნონ ციხეში”, – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ‘ვივამედის” 22 მარტს გავრცელებულ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის “სხვა დაწესებულებაში” გადაყვანის შესახებ. 

“ვივამედის” განცხადებით, მიმართავს  პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში”. 

კლინიკა აცხადებს, რომ  გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, სააკაშვილი  უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, “თუ ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე”, შედეგად კი, “უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას” იღებს. 

“ვივამედის” არცერთი ექიმი თვითონ, დამოუკიდებლად, გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ. პენიტენციურ სისტემასაც რასაც ივანიშვილი უბრძანებს, იმას აკეთებენ. …უპირებენ, რომ დააბრუნონ ციხეში”, – აცხადებს გიული ალასანია ჟურნალისტებისთვის მიცემულ მოკლე კომენტარში. 

ალასანიას ინფორმაციით, სააკაშვილი ამჟამად 62 კილოგრამს იწონის. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სააკაშვილისთვის მძიმე მეტალებისგან დეტოქსიკაციის კურსი კლინიკას არ შეუთავაზებია.

ჯერჯერობით პენიტენციურ უწყებას ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი