წინადადებებს თუ ხშირად იმეორებ, შეიძლება სიმართლედ იქცეს, ფილმის სანახავად პოლიციის კორდონის გავლა კი — ჩვევად.
პოლიციელს ბილეთი ვანახე და ორ რიგად მდგარ სამართალდამცავებში გავიკვლიე კინოთეატრში შესასვლელი გზა. დღის პირველ ნახევარში მომზირალ პოლიციელებს საღამოს სხვა პოლიციელები ანაცვლებენ. სანამ კვლავ დაუბრუნდები უცვლელ სამყოფელს რუსთაველის 8 ნომერში, ყველაფრისგან გასაქცევად კინოეკრანი გრჩება, თუმცა მალევე აღმოაჩენ, რომ სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი – „ჩემი ოთახი”, ის სურათი არ არის, რომელიც მოგცემს ამ სივრციდან გაქცევის საშუალებას.
თინა ტაქსის მძღოლს ფულს უხდის და ძველებურ, მანქანებით ამოვსებულ თაღიან ეზოში შედის. ფილმის მსვლელობისას თაღი ხდება მოქმედების განმსაზღვრელი სიმბოლო – ზღვარი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. მასში გასვლა და შემოსვლა ყოველთვის მნიშვნელოვანია როგორც თინასთვის, ისე სიუჟეტური ქარგისთვის. ყოველ ჯერზე თინას მიერ სახლის დატოვება არის ზღვრის ხან წარმატებული, ხანაც წარუმატებელი გადალახვა.
ვისაც სახლი უცხო ადამიანთან გაუზიარებია, იცის, ეს რა პროცესია. და თუ პირველი შთაბეჭდილება არც ისე სახარბიელოა (როგორც წესი, ეს ყოველთვის ასეა), ეს კიდევ უფრო ართულებს ყველაფერს. ახალ სახლში ფეხშედგმულ თინას ხვდება მეგი, რომელიც სახლიდან გასასვლელად ემზადება. მისი ოთახისკენ უთითებს, იმედი აქვს, რომ ყველაფერს თავისით ნახავს. უცხო სივრცეში მარტო აღმოჩენილი, ადამიანებისგან მოწყვეტილი, ერთგული ჩვევების იმედად რჩები, ერთგვარი რიტუალების, რომლებზე კონცენტრირებაც ცოტა ხანს გავიწყებს სიუცხოვეს. თინა ჩაიდანს ეძებს, თუმცა ვერ პოულობს. ჩაისთვის წყალს ქვაბში ადუღებს და ჭიქას იღებს. ეს ჭიქა იქცევა მისი ახალი ცხოვრების პირველ სიმბოლოდ. ფოთლებიან-ყვავილებიან ჩაის ჭიქას თითქმის არასდროს მოიცილებს გვერდიდან: საუზმისას, კარტოფილის გათლისას, პირველი მარიხუანის მოწევისას…
იქვეა ტელეფონი. ასევე მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც საშუალებას გაძლევს გაიგო ნაცნობი ხმა, რომელიც ასე გჭირდება უცხო გარემოში. თინა დედას არ ურეკავს, თუმცა ურეკავს ბექას: ვიღაც გიჟთან ერთად ვცხოვრობ, ოთახებში ტიტველი დადის – ეუბნება. ეს ის პირველი შთაბეჭდილება, უმწეობა და ბრაზია, რომელიც უცხო ადამიანთან ცხოვრებისას თავს იჩენს ხოლმე, ამას კი მხოლოდ ახლობელ ადამიანს თუ გაუზიარებ. მერე შეიძლება ინანო, რადგან თანაცხოვრებისას სიახლოვე სულ სხვაგვარი ხდება, სრულიად მიუღებელი ადამიანების მიმართაც კი გიჩნდება სიყვარული და სიახლოვე, მაგრამ ბრაზი ფიქრს თრგუნავს. თინა დროებით ქირაობს მეგის ოთახს, ეს მკაცრად აქვს განსაზღვრული. პირველი კონფლიქტიც მათ შორის ამის გამო იფეთქებს, თუმცა თინა იმ იმედს ებღაუჭება, რომელსაც ბექა ჰქვია და სჯერა, რომ ყველაფერი ისედაც ასე იყო დაგეგმილი. ამიტომ, მეგი მაინც ვერ იქნება მისი თანაგუნდელი, მისი ერთადერთი იმედი და საყრდენი ბექაა.
სწორედ მაშინ იწყება თინაში გარდატეხა, როდესაც საყრდენი ეცლება. უფრო სწორად, თვითონვე აღმოაჩნდება მზაობა და გამბედაობა, უარი თქვას მასზე. მხოლოდ მაშინ, როცა ბექაზე იტყვის უარს, რეკავს დედასთან. ეს ის უმწეო ზარია, როცა იცი, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვიან, თუმცა უბრალოდ ხმის გამცემი გჭირდება და რაღაც დროს იჯერებ, რომ განზე გამდგარი ადამიანი შენკენ მობრუნდება. ცხადია, ეს ასე არ ხდება და სწორედ ამ დროს, მცირე ცვლილებები გარდაისახება გაბედულ ნაბიჯებად.
რიტუალების, ნაცნობი შეგრძნება-განწყობების აღმოჩენაა პირველი იმპულსი, რაც ეკრანისკენ გიზიდავს. პირველ ყოვლისა, „ჩემი ოთახი“ არის დაკვირვება ადამიანებზე, ურთიერთობებსა და ცვლილებებზე; იმ სახეცვლილებებსა და ნაცნობ გრძნობებზე, რომლებიც აუცილებლად, ერთხელ მაინც განგიცდია, ნაწილს კი ვერც ვერასდროს შეძლებ შეიგრძნო; თანაცხოვრების ზუსტი განტოტებების აღწერა, რომელიც თავისთავად იქცევა ზრუნვად და სიყვარულად. ზრუნვაა ის, რაც ყინულს ალღობს. თავიდან მიუღებელი, უკარება ზრუნვა მალევე აჩენს იმ უთქმელ მორიდებულობას და უხერხულობას, რომელიც მის უარყოფას თან სდევს ხოლმე და მალევე გარდატყდება უთქმელ სიყვარულში.
თინა ახალ სამყაროს ჭვრეტს, მაყურებელი – თინას. ეს ის ფაქიზი, მიმიკებამდე დასული ჭვრეტაა, რომლითაც შეუძლებელია არ მოინუსხო. ორი საათის მანძილზე ეკრანზე უწყვეტად მყოფი თაკი მუმლაძე და მარიამ ხუნდაძე წამით არ აღძრავენ სიუცხოვეს. ყოველთვის შემოაქვთ ახალი ფერი, დეტალი, განზომილება, რომლის დაკვირვებითა და აღმოჩენით არ იღლები. პირველ ყოვლისა კი, ზომიერება. როცა სულ მკრთალად ჩნდება მისი დარღვევის მოლოდინი, კამერა ამ ფიქრს აქრობს. ამას ხან ჭრა ხდის შესაძლებელს, ხანაც- მიმიკა. ხან მეგის გამოგონილი ენა, ხანაც – პერსონაჟების უნებლიე გულწრფელი სიცილი. პანდემიაც იმ დოზით ასაზრდოებს ფილმს, რაც მის ატმოსფეროს სჭირდება, პერსონაჟები მის გარშემო არ ბრუნავენ, თუმცა მისი მნიშვნელობა არასოდეს არის შეუმჩნეველი.
თბილი მზის სხივებით აჭრელებული ბინა პირველი სივრცეა თინასთვის, სადაც შეუძლია იყოს ის, ვინც არის, თუმცა ჯერ ხომ თვითონაც არ იცის, ვინ არის. მიჰყვები ადამიანს, რომელიც ნელ-ნელა, თანაბარზომიერად იმეცნებს სამყაროს და საკუთარ თავს. პირველ ყოვლისა, ამ ყველაფერს თვალს ადევნებ მხოლოდ მისი პერსპექტივით. ფილმის მთავარი მახასიათებელი პრიზმაა, პერსპექტივა, რომელიც თინას არ სცდება. მისი ამბავი მხოლოდ მისი პირით ისმის. ითრგუნება ყოველგვარი პატრიარქალური ხედვა. თინას გარდა არავინაა, ვინც მის ამბავს მაყურებელს უამბობს. იგი თვითონ, თავდაცვითი, იმპულსური ჩაცინებებით ამჟღავნებს შემზარავ, ტრაგიკულ ამბავს, რომელიც პირველად ჟღერდება მის მიერ. თავის ოთახთან ახლოს და სწორი ადამიანის გვერდით.
სიყვარული და ზრუნვა გამბედაობას ანიჭებს თინას. როგორც ითქვა, ყოველი მისი გასვლა სახლიდან ბრძოლა და საკუთარი თავის გადალახვის მცდელობაა. თუმცა ამ შემთხვევაშიც რთულდება ზღვრის გადალახვა, თუ ზურგს არ გიმაგრებს სიყვარული და ზრუნვა. თინასთვის ეს ცნებები მეგიში გარდატყდება, მეგისთვის თინაში. ამიტომ აქამდე სამუშაოს არმქონე თინა სუპერმარკეტში პირველი შესვლისას ვერ ბედავს, ვაკანსიის შესახებ იკითხოს. მაგრამ როდესაც მასა და მეგის შორის პირველი ვნება ამოხეთქავს, უფრო სწორად, დაიღვრება, რადგან მათი ერთობა სრულიად ჩუმია (ვნებიანი კავშირების შემდეგაც ხომ არცერთი ლაპარაკობს მათზე) თინას ეძლევა ძალა გადალახოს ზღვარი.
ახალი ცხოვრების ჭვრეტა და შიში არ სრულდება. სიყვარული და გამბედაობა მეგის დაკარგვის შიშში იზრდება. თითქოს ეს არის ამოუვსები ნაპრალი, რომელიც ყოველ ჯერზე ტოვებს ადგილს ახალი, შეუცნობელი გამოცდილებისთვის. ყოველი მოპოვებული გამარჯვება ახალი ბრძოლის წინაპირობაა. თუმცა ეს ის გრძნობა და ერთობაა, რომელიც აკეთილშობილებს, შეიძლება განშორებას საშინლად მწარეს ხდის, თუმცა მასაც ზღვრის გადალახვად, საკუთარი თავის განვითარების ძალად აქცევს.
ქალის პერსპექტივით მოყოლილ ამბავში, რომელიც შემთხვევით არ იმეორებს ვირჯინია ვულფის უმნიშვნელოვანესი ფემინისტური ტექსტის სათაურს, ერთობაა ის, რაც გულწრფელობას და სიცოცხლეს სძენს სურათს; ბუნებრიობას, რომელიც კამერასთან ერთად, სიტყვით ჟღერს, სრულიად ბუნებრივი, თვითმყოფადი ენით, რომელიც ასე იშვიათად ისმის ქართულ კინოში. ეს უბიუჯეტოდ გადაღებული ფილმის ყველა მონაწილის თანაბარი დამსახურებაა, ხმის ოპერატორის, მსახიობების, სცენარისტების, ოპერატორის, რეჟისორისა და კოსტუმების მხატვრის. თუმცა ის, რაც აუცილებლად ხაზგასასმელი და გამოსაყოფია, არის თაკი მუმლაძის თანაავტორობა. მისი ხელწერა აქრობს საფრთხეს, სრულიად თვითმყოფადი ხედვა იქცეს კაცის პერსპექტივით დანახულ ამბად. დაკვირვება, დეტალებამდე დასული სიფრთხილე და გააზრებულობა შესაძლებელს ხდის, ახალი პერსპექტივა გააჩინოს ქართულ კინოში. სრულიად შეულამაზებლად, ნატურალისტურად აღწეროს ახალგაზრდა ქალის ტკივილები და გამოწვევები, გადაულახავი და გადალახული დაბრკოლებები თანამედროვე ქართულ სივრცეში, აქციოს სიყვარული ზღვრის გადალახვად და თინას პერსონაჟით შექმნას ქართული კინოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დასამახსოვრებელი სახე.