ახალი ამბები

დანაშაული მძიმეა, დაბრალებაც არანაკლებ მძიმეა — წილოსანი რამიშვილის საქმეზე

21 მარტი, 2023 • 1476
დანაშაული მძიმეა, დაბრალებაც არანაკლებ მძიმეა — წილოსანი რამიშვილის საქმეზე

საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი ნინო წილოსანი იმ ქალებზე საუბრისას, რომლებიც აცხადებენ, რომ შალვა რამიშვილმა სექსუალურად შეავიწროვა, ამბობს, რომ მართალია, ამგვარი დანაშაული მძიმეა, „ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება არანაკლებ მძიმეა“.

განცხადებაში, რომელიც წილოსანმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა, იგი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა, რათა დადასტურების შემთხვევაში, სექსუალური ხასიათის ნებისმიერ დანაშაული სათანადოდ დასჯილიყო.

„ამიტომ, ამგვარი ბრალდებისთვის ჩვენი მხრიდან კანონმდებლობა ევროპულთან თანხვედრაშია, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შესაბამისი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ფუნქციონირებს. დანარჩენი უკვე არა პოლიტიკოსის, არამედ რელევანტური სტრუქტურების შესაფასებელია.

ყველანი უნდა ვათვითცნობიერებდეთ, რომ ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, ხოლო ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება, არანაკლებ მძიმეა. რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონით და არა მორალური პოლიციის ხელით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მანიპულაციურად და ბოროტად იყენებენ და ბოლოს, სამწუხაროდ, აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობენ ის ადამიანები, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში საერთოდ დაივიწყეს ადამიანის, ქალების, უფრო მეტიც, ბავშვების უფლებები და ყველაზე ბოროტი ბულინგის კამპანიაში იყვნენ ჩართულები“, – წერს წილოსანი.

სქრინშოტი წილოსანის ფეისბუკ გვერდიდან.

ბოლო 24 საათში რამდენიმე ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ სხვადასხვა დროს პროსამთავრობო და „ხალხის ძალის“ მხარდამჭერი „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის სამიზნეები გახდნენ.

პირველი ისტორია მაკო ჯაბუამ გუშინ გვიან ღამით გაავრცელა ფეისბუკზე. მას შემდეგ, ასევე საჯარო განცხადებები გამოაქვეყნეს გვანცა ბუდაღაშვილმა და ანანო იაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი