რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორ კარიმ ხანისა და მოსამართლეების — ტომოკო აკანეს, როსარიო სალვატორე აიტალასა და სერხიო ჯერარდო უგალდე გოდინესის — წინააღმდეგ, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცეს.

საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს ედავებიან რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევას, მათ შორის, შეგნებულად უკანონო დაკავებისა და უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადებას.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, და არამხოლოდ, ბავშვები უკანონოდ რუსეთში გადაჰყავდათ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საუბარია, სულ მცირე, 16 ათას ბავშვზე.

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა