ახალი ამბები

დიდ დიღომში მშენებლობაზე მიწა ჩავარდა – აქ კორპუსს „ოცნების“ შემწირველი აშენებს

20 მარტი, 2023 • 1256
დიდ დიღომში მშენებლობაზე მიწა ჩავარდა – აქ კორპუსს „ოცნების“ შემწირველი აშენებს

თბილისში, დემეტრე თავდადებულის 35 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩავარდა. შემოსაზღვრული სამშენებლო მოედანი უკვე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გვერდითაა.

აქ რამდენიმესართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დამკვეთი „ოცნების“ შემწირველი ზვიად ქოიავაა, რომელმაც 2021 წელს მმართველ პარტიას 40 ათასი ლარი შესწირა.

ამ დროისთვის მშენებლობა შეჩერბულია. მშენებელი ამბობს, რომ ჩაატარებს ყველა შესაძლო ექსპერტიზას და ისე დაიწყებს ტერიტორიის გამაგრებას.

რა შენდება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე?

ჩავარდნილი მიწის ამსახველი ფოტოები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავდაპირველად ფეისბუკზე გაავრცელეს. შემდეგ კი ადგილიდან ვიდეო გამოაქვეყნა მოძრაობამ „ჩემი ქალაქი მკლავს“.

ჩავარდნილი მიწა მშენებლობაზე. ფოტო: სქრინშოტი „ჩემი ქალაქი მკლავს-ის“ ფეისბუკიდან

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამშენებლო კედლის მთელ გაყოლებაზე მიწა ჩაწოლილია. უკვე მოგვიანებით მოძრაობამ განაცხადა, რომ ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მშენებლობა შეჩერდა.

საუბარია დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც კომპანია „ტფილისი“ ფლობს. „ტფილისის“ 50%-იანი წილის მფლობელი ზვიად ქოიავაა, ეს უკანასკნელი თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე პროექტის დამკვეთადაა მითითებული.

კომპანიის მეორე ნახევარს ფლობს ზურაბ ნებიერიძე, რომელიც ასევე „ოცნების“ შემწირველია. მან და ქოიავამ ერთსა და იმავე დღეს ერთი და იგივე თანხა — 40 ათასი ლარი შესწირეს პარტიას.

ფოტო: tas.ge-ზე გამოქვეყნებული რენდერები

იგივე პროექტის ფოტოებს აქვეყნებს ფეისბუკ გვერდი „ტფილისი“, რომელიც მშენებარე კორპუსში ბინებს უკვე ყიდის.

ნეტგაზეთთან საუბარში თავად ზვიად ქოიავა ამბობს, რომ ადგილზე ქვაბული ჩამოწვა.

„მშენებლობა ჩვენ თვითონ გავაჩერეთ და სანამ არ გავამაგრებთ, მანამდე არ გავაგრძელებთ. დღეს ყველა აქ გვყავს — ექსპერტიზა, [მუნიციპალური] ლაბორატორია, კონსტრუქტორი, არქიტექტორი და ა.შ. გადაწყვეტილებას მივიღებთ, არც ისეთი დიდი საშიშროებაა, როგორც გვეგონა, ორ დღეში გვექნება პროექტი, თუ როგორ უნდა გავამაგროთ მიწის სამუშაოები და როგორ „გავაკეთოთ“ ჩამოწოლილი მიწა“, — ამბობს ქოაიავა.

მისივე ვარაუდით, გამაგრებითი სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. თუმცა, საბოლოოდ, ეს ვადა დამოკიდებულია კონსტრუქტორისა და სხვა ექსპერტების დასკვნაზე. ზვიად ქოიავა ასევე ამბობს, რომ ახლომდებარე კორპუსებს საფრთხე არ ემუქრება.

ნეტგაზეთი ამ მასალის მომზადებისას ასევე დაუკავშირდა თბილისის მერიას. კითხვებზე საპასუხოდ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფმა მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკლე კომენტარში დაგვიდასტურა, რომ მშენებლობა მართლაც შეაჩერეს:

„აღნიშნული მშენებლობის მწარმოებელს ჰქონდა შესაბამისი ნებართვა და დასკვნები, თუმცა არასაპროექტო ადგილზე ბზარები გაჩნდა. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა. მშენებელს დაევალა წარმოადგინოს ექსპერტების მიერ მომზადებული შესაბამისი გამაგრების პროექტი და დასკვნა. მანამდე მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა სამუშაოები. დღეს მუნიციპალური ლაბორატორია მივა ადგილზე ვითარების შესასწავლად.“

მასალების გადაბეჭდვის წესი