ახალი ამბები

პანკისელი ქალი, რომელსაც 4 დღე აეროპორტში აყოვნებდნენ, საფრანგეთში გააბრუნეს

18 მარტი, 2023 •
პანკისელი ქალი, რომელსაც 4 დღე აეროპორტში აყოვნებდნენ, საფრანგეთში გააბრუნეს

ლეილა ქავთაროვა, რომელსაც მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში 4 დღის განმავლობაში აყოვენბდნენ და ქვეყანაში არ უშვებდნენ, საფრანგეთში გააბრუნეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა დაუდასტურა.

იურისტის თქმით, ქალი საფრანგეთიდან ჩამოფრინდა და პანკისში აპირებდა დაბრუნებას, სადაც მისი ოჯახი და ახლობლები ცხოვრობენ.

მისი მეუღლე ამბობდა, რომ ქალს ტელეფონი, სავარაუდოდ, პოლიციამ ჩამოართვა. მასთან კავშირის დამყარებას ქმარი გუშინ 17 მარტს რამდენიმე საათის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია ახლა სწავლობს საქმეს.

„ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ქალი შემოვიდა საქართველოში ჩვეულებრივად ქუთაისის აეროპორტის მეშვეობით, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფება. ის არ შემოუშვეს ქვეყანაში, მიზეზი არშემოშვების კი დაასახელეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 პუნქტის ჩანაწერი – „კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები“. თუმცა რა არის ეს „სხვა საფუძვლები“, არ არის დაკონკრეტებული. ზოგადად მსგავს საქმეებში ასეთი პრაქტიკა აქვს, რომ როდესაც შსს-ს არ უნდა კონკრეტული პირის ქვეყანაში შემოშვება, საფუძვლად ნიშნავს ავტომატურად ამას და არასდროს ასაბუთებს რეალურ საფუძვლებს“, – ამბობდა ჩუთლაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

იურისტი განმარტავდა, რომ როგორც წესი, ასეთ დროს მოქალაქეებს მომდევნო რეისით აბრუნებენ უკან. რაც შეეხება შეყოვნების სავარაუდო მიზეზებს, ჩუთლაშვილი ამბობდა, რომ ქალის ახლობლები მის შეყოვნებას პანკისში გამართულ აქციას უკავშირებენ:

„როგორც იცით, გუშინ აქცია იყო პანკისის ხეობაში მის დაყოვნებასთან დაკავშირებით, ამასთანავე, როგორც ქალის ახლობლები გვეუბნებიან, მან ინტერვიუ მისცა ჟურნალისტს, რის შემდეგაც, მათი თქმით, ადგილზე მივიდნენ უწყების წარმომადგენლები. თუმცა არ დაუსახელებიათ, რომელი უწყების, ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და დღეს დილიდან არ აქვს კონტაქტი.“

იურისტის განმარტებით, თუ მესაზღვრეებმა ქავთაროვას ტელეფონი ჩამოართვეს, ამისი ლოგიკური საფუძველი უნდა არსებობდეს და ის ქალისთვის უნდა განემარტათ, ხოლო საპროტესტო აქცია ვერ იქნება ასეთი ლოგიკური საფუძველი.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ ამბობენ, ქალს რუსეთის მოქალაქეობა და საფრანგეთში ბინადრობის უფლება აქვს. თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი პანკისში გაატარა.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ქალის მეუღლე, ბექა ტოხოსაშვილი ამბობს, რომ მასთან კონტაქტი გუშინ დილის ოთხ საათზე გაწყდა.და მას შემდეგ ოჯახი ლეილას ვერ უკავშირდებოდა.

„ლეილამ დილის ოთხ საათზე ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა და მითხრა, რომ პოლიციელები ტელეფონის ჩამორთმევას აპირებენო. მას შემდეგ ნომერი საერთოდ გამორთულია. მესაზღვრეებს უთქვამთ, აქედან ჟურნალისტებს ინტერვიუებს,რომ აძლევ, ამიტომ გართმევთ ტელეფონსო. მე ახლაც ქუთაისში ვარ და იქ არ მიშვებენ, ვეკითხები და მეუბნებიან, კარგად არიანო. მე როგორც ვიცი, ტელეფონის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდათ, ეს კანონდარღვევაა“, -უთხრა ტოხოსაშვილმა „რადიო თავისუფლებას“.

ნეტგაზეთი ამ მასალის მომზადებისას დაუკავშირდა შსს-საც. უწყებისგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას. უწყებისგან პასუხი ვერც დღეს 18 მარტს მივიღეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი