ახალი ამბები

პოლონეთი უკრაინას 4 საბრძოლო თვითმფრინავს “უახლოეს დღეებში” გაუგზავნის

17 მარტი, 2023 • 831
პოლონეთი უკრაინას 4 საბრძოლო თვითმფრინავს “უახლოეს დღეებში” გაუგზავნის

პოლონეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას Mig-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის. ქვეყნის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას თქმით, კიევი საბჭოთა წარმოების ოთხ თვითმფრინავს უახლოეს დღეებში მიიღებს, დანარჩენებს კი — სამომავლოდ.

როგორც BBC წერს, აღნიშნული მიწოდება ომში გარდამტეხ ცვლილებებს ვერ შეიტანს, თუმცა უკრაინაში მიესალმებიან პოლონეთის გადაწყვეტილებას და იმედოვნებენ, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ვარშავის მაგალითს.

რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების მიწოდებას, რომელთა მართვაშიც უკრაინელი პილოტები გაწვრთნილნი არიან, ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც განიხილავენ.

უკრაინას დასავლური ქვეყნებისგან არაერთხელ უთხოვია თანამედროვე თვითმფრინავების, მათ შორის, F-16-ების მიწოდება.

უკრაინელ პილოტებს ნატოს სტანდარტებზე მორგებული თვითმფრინავების მართვაში დიდი ბრიტანეთი ატრენინგებს, თუმცა, რადგან წვრთნას დიდი დრო სჭირდება, დიდი ბრიტანეთი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი თვითმფრინავების მიწოდებაც დიდ დროს წაიღებს.

რაც შეეხება აშშ-ს, ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე გამორიცხა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება კიევისთვის.

“ჩვენ გვჭირდება [თვითმფრინავები] ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაძლიერებლად და ჩვენი არმიისთვის საგაზაფხულო კონტრშეტევაში დასახმარებლად”, — უთხრა უკრაინელმა დეპუტატმა კირა რუდიკმა BBC-ს და იქვე დაამატა, რომ კიევისთვის თვითმფრინავების მისაწოდებლად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.

მიჩნეულია, რომ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, უკრაინას 120-მდე ქმედითუნარიანი საბრძოლო თვითმფრინავი ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი