ახალი ამბები

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ოზურგეთში თავს დაესხნენ – გამოძიება დაიწყო

15 მარტი, 2023 • 770
„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ოზურგეთში თავს დაესხნენ – გამოძიება დაიწყო

„მობილური ტელეფონი დამიმტვრია და ხელი დამარტყა, დაზიანება მეტყობა“, – ამბობს „TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია, რომელსაც დღეს, 15 მარტს თავს დაესხნენ.

ჟურნალისტი ოზურგეთში, სოფელ ბახვში იმ კაცის კომენტარის ჩაწერას ცდილობდა, რომელმაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ პრორუსული ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ოპერატორის გარეშე, მობილური ტელეფონით ცდილობდა რესპონდენტის ჩაწერას.

პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის ჟურნალისტი გამოკითხვაზეა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი