ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუაკშენკომ მოაწერა კანონს ხელი, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
როგორც ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, 9 მარტს ცვლილებები შევიდა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში. ცვლილებების თანახმად, იზრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო ღალატისთვის. მათ შორის, ამიერიდან თანამდებობის პირის ან სამხედრო მოსამსახურეს მიერ ჩადენილი სახელმწიფო ღალატი სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს.
პრესრელიზში, რომელიც ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ საკანონმდებლო პაკეტში კიდევ რამდენიმე ცვლილება შევიდა, მათ შორის:
„ანტისახელმწიფოებრივი“ ქმედებისთვის გაიზრდება ჯარიმების ოდენობა, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება „ტერორიზმის პროპაგანდა და შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია“. გარდა ამისა, 10 დღემდე იზრდება სახელმწიფო ღალატის, შეთქმულების ან „სახელმწიფო ძალაუფლების მითვისებისთვის ჩადენილი სხვა ქმედებაში“ ბრალდებულთა წინასწარი დაკავების ვადა.