რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის შესახებ თბილისში ფოტოგამოფენა იხსნება. ექსპოზიცია იმ ფოტოგრაფების ნამუშევრებს გააერთიანებს, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქალაქის ცენტრში მუშაობდნენ.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, გამოფენა “Under the White Moon of March: The Chronicles of Protest“(მარტის სავსე მთვარის ქვეშ: პროტესტის ქრონიკები” 6 მარტს თბილისში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ნაწილიც არის და მისი ქრონიკაც.
“მოვლენების მიმდინარეობის პარალელურად დაგეგმილი გამოფენა ფოტოგრაფების დიდი ჯგუფის ნამუშევრებს გააერთიანებს და ის საპროტესტო მოძრაობის განვითარებასთან ერთად შეიცვლება – ექსპოზიციას დაემატება ფოტოები, რომლებიც პროტესტის დინამიკას ასახავს”, — ვკითხულობთ პრესრელიზში.
ფოტო: დავით მძინარაშვილი/ანადოლუ
“საპროტესტო მოძრაობა, რომელიც 6 მარტს დაიწყო, მარგინალი პოლიტიკოსების მიერ “უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ინიციირებულ კანონზე სამოქალაქო საზოგადოების რეაქციაა. კანონი წინააღმდეგობაშია სახელმწიფოებრივ კურსთან და კონსტიტუციით გამყარებულ მისწრაფებასთან – საქართველომ ევროინტეგრაციის კურსით იხელმძღვანელოს.
კანონის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული ორმაგი სტანდარტებით გაჯერებული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ მასიურ გამოსვლებში გადაიზარდა.
საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც უკვე მიიღო საყოველთაო ხასიათი, სამოქალაქო საზოგადოების 3 თაობას აერთიანებს და მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვას და გამყარებას!”
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, “ვინაიდან ევროპა თანამედროვე საქართველოს არჩევანია! ჩვენ ვიბრძოდით და გავაგრძელებთ ბრძოლას განათლებული, მრავალფეროვანი, გახსნილი და ტოლერანტული სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის, რომელიც თავისუფლების იდეითა და ჰუმანისტური ღირებულებებით არის ნასაზრდოები”.
ფოტო: გიორგი გოგუა/64
“ჩვენ არ დავიღლებით გავიმეოროთ – არა რუსეთს!
ამ ბრძოლაში ჩვენი იარაღი, ურყევ სიმტკიცესთან ერთად, ვიზუალური თხრობაა, რომელიც არა მხოლოდ რეალობაში განვითარებული მოვლენების დოკუმენტაციის, არამედ ამ რეალობაზე დაფიქრებისა და მისი უკეთ გააზრების უნიკალურ შესაძლებლობასაც ქმნის.
ამ სიმტკიცის და პროფესიული გამბედაობის მაგალითია თითოეული ის ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრებიც გამოფენაში გაერთიანდა. ისევე, როგორც ყველა სხვა ფოტოგრაფი და ჟურნალისტი, ვინც საპროტესტო მოძრაობას აშუქებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად”, — დასძენენ ისინი.
გამოფენის სათაური ინსპირირებულია იაპონელი პოეტის, მაცუო ბაშოს ერთ-ერთი ლექსით — ჰაიკუს მეტრის — , “სადაც სავსე მთვარის თეთრ შუქზე, შიროს გაღვიძება, დიდი გამოღვიძების, გამოფხიზლების სიმბოლო ხდება”.
“თბილისში საპროტესტო მოძრაობის დასაწყისი სწორედ სავსე მთვარეს დაემთხვა”, — ნათქვამია პრესრელიზში.
ფოტო: გიორგი ნაკაშიძე
გამოფენა 10 მარტს, 19:00 საათზე გაიხსნება და 28 მარტამდე გაგრძელდება.
მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო “სტამბა”, დ ბლოკი, მეორე სართული.
გამოფენაში მონაწილეობენ:
ლანა ბლიაძე
მარიამ გიუნაშვილი
გიორგი გოგუა / 64
ნიკოლო ვინჩენცო მალესტუტო
იუსტინა მიელნიკიევიჩი
კრისტინა მორჩილაძე
გურამ მურადოვი / Civil.ge
დავით მძინარაშვილი / Anadolu Agency
გიორგი ნაკაშიძე
დინა ოგანოვა
თამარ ოქროპირიძე
მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება
ჯუდა ხატია ფსუტური
დათო ქორიძე / რადიო თავისუფლება
გიორგი შენგელია
გურამ წიბახაშვილი
იკა ხარგელია
