ახალი ამბები

„ვერ შემაშინებს“ — აქტივისტი, რომლის კარზეც „ჯაშუში“ დააწერეს

9 მარტი, 2023 • 1503
„ვერ შემაშინებს“ — აქტივისტი, რომლის კარზეც „ჯაშუში“ დააწერეს

7 მარტის ღამით სამოქალაქო აქტივისტის, აკაკი საღინაძის სახლის კარზე უცნობა პირებმა დატოვეს წარწერა: „აქ ცხოვრობს დავალების შემსრულებელი ნაცი ჯაშუში“.

საღინაძე არის ორგანიზაციის „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის – Red“ თავმჯდომარეა და, როგორც თავად ნეტგაზეთთან განმარტავს, ქუთაისში, ძირითადად, განათლებისა და წიგნიერების ამაღლების საკითხებზე მუშაობს.

„როდესაც დავინახე ეს წარწერა, რაღაც კუთხით, შეიძლება ითქვას, დაბნეულობა გამოიწვია, მაგრამ შინაარსში არც შევსულვარ მაინცდამაინც. აქ უფრო მეტად საუბარია, რომ როდესაც თავად მეც აქტივიზმში ვარ ჩართული, თავიდან ბოლომდე ვცდილობთ, რომ ავუხსნათ ხალხსაც, რომ ეს აქტივიზმიც, რომელიც შეიძლება ბრაზიდან მოდიოდეს და გულისტკენიდან – მაინც უნდა გამოვხატოთ არაძალადობრივი ფორმით. თავად მე ამ ქალაქში ჩემ ირგვლივ ადამიანებთან ამის ახსნით ვარ დაკავებული“, — ამბობს ნეტგაზეთთან აკაკი საღინაძე.

ის იხსენებს, რომ გუშინ, 8 მარტს, ქუთაისში გამართულ აქციაზე, რომელიც „ქვეყანაში მიმდინარე გარუსების პრობლემასა და სხვა სისტემურ პრობლემებს ეხებოდა“ სწორედ ამაზე საუბრობდა, როდესაც აქციის მონაწილეებზე თავდასხმა მოხდა. ინციდენტი პოლიციის ჩარევით მალევე დასრულდა.

აკაკი საღინაძე. ფოტო: პირადი ფეისბუკი

„თავად გავხდი ამის სამიზნე, როდესაც დავინახე ეს წარწერა. ტექსტიც, რა თქმა უნდა, შემზარავია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ „გავლენის აგენტებიდან“ არის ინსპირირებული სიტყვა ჯაშუში. ამასთანავე, არაერთი მეგობარი მყავს, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და მათთან პირადი ურთიერთობებით ვიცი, რამდენად მარგინალიზებული არის დღეს ეს სიტყვა „ნაციონალი“, რაც არის პოლარიზაციის, ალბათ, პირველი ნიშანი.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვის ვუკავშირდებ… მე დაპირისპირებაში არ ვარ არავისთან, მაგალითად, თუნდაც „ქართული ოცნების“მხარდამჭერებთან. მე შეიძლება მაქვს მათგან საწინააღმდეგო აზრი, თუმცა დაპირისპირებული არ ვარ. დიდ წინააღმდეგობაში კი მოვდივარ იმ ადამიანების ზოგად ჯგუფთან, რომელსაც ჰქვია გადაწყვეტილების მიმღები პირები — ხალხი, ვინც ყველაზე დიდი ძალაუფლებით სარგებლობს ქვეყანაში“, — დასძენს ის.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სახლთან აქტივისტებმა სიტყვა „მონა“ დაწერეს. ლომინაძე ერთ-ერთია, ვინც რუსულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. უკვე დღეს, „ოცნების“ სხვა დეპუტატმა, დიტო სამხარაძემ ეს პოსტი გამოაქვეყნა:

დიტო სამხარაძის ფეისბუკ პოსტი

აკაკი საღინაძეს ვკითხეთ, რას ფიქრობდა სამხარაძის პოსტზე, აქტივისტი ამბობს, რომ ეს ძალადობისკენ პროვოცირებაა :

„მას სერიოზულ გაფრთხილებას ვუგზავნი, რომ თუკი ის გააგრძელებს კვლავ სახელიფუსლებო სკამიდან ძალადობის პროვოცირებას და მოუწოებს საზოგადოებას ქაოსისკენ – რაც უფრო ფატალურ შედეგებამდე იქნება, მით უფრო მძიმე იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია და არ უნდა ეგონოთ ამ ადამიანებს თავი დაცულად, როდესაც ისინი პირდაპირი ფორმით გადავლენ უდანაშაულო მოქალაქეებზე ძალადობის“, — ამბობს საღინაძე.

მისივე თქმით, მას არ ეშინია და თავის საქმიანობას ძველებურად გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი