ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძეს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება – ჯაფარიძის ძმა

8 მარტი, 2023 • 3464
ზურაბ ჯაფარიძეს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება – ჯაფარიძის ძმა

გუშინ, 7 მარტს, აქციაზე დაკავებული „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მას ფიზიკური დაზიანებები აქვს და სამედიცინო შემოწმება ესაჭიროება.

ზურაბ ჯაფარიძის ძმის, გია ჯაფარიძის თქმით, ჯაფარიძეს დაზიანებები თავზე მიყენებული აქვს ხელკეტით.

„რა ინფორმაციაც ახლა გვაქვს, ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა ე.წ. კატეს გადაღება. ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში. ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმე საელჩო“, – წერს სოციალურ ქსელში გია ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ნაცემია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ კიდევ ერთი წევრი, ნიკა მოსიაშვილიც. განცხადების თანახმად, ჯაფარიძესაც და მოსიაშვილსაც ურტყეს წიხლები და ხელკეტები.

„ორივეს აქვს ყბაში მოხვედრილი და სტკივათ, ჯაფარას უჭირს ყბის მოძრაობა, ამ დრომდე არ გადაჰყავთ არანაირ სამედიცინო დაწესებულებაში ანალიზებისთვის და აუცილებლად საჭირო დახმარების გასაწევად.

ნიკა მოსიაშვილს ტანზე აქვს შეზეზილი წიწაკის სპრეი, რამდენჯერმე მიმართა სამმართველოს სამედიცინო პუნქტს, ითხოვს მოშორებას, თუმცა ეუბნებიან, რომ მათ იქ ამის საშუალება არ აქვთ. ფაქტობრივად აწამებენ!

17:00 საათიდან ვიქნებით დიღომში, მთავარ სამმართველოსთან! ვითხოვთ, ორივეს გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება! ადამიანები საუბრის გამო დააკავეს და ამ წუთას მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება“, – ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ნეტგაზეთს ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს, დიღმის სამმართველოში მისულია სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით კი, გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 7-8 მარტის აქციის დროს, ზურაბ ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი