„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში, მოსაწევ ოთახში, სადაც კამერები არ არის, მას და გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძე და „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირსპირდნენ.

„პასუხიც მიიღეს. ასევე, მუშტი-კრივი. მოღალატეს რომ ვეძახით, უტყდებათ მონებს! უბრალოდ გადმოცემა მიჭირს, რა ხდებოდა. ჩვენ ორნი ვიყავით, ისინი — 20“, — წერს წითლიძე Facebook-ზე.

ანა წითლიძემ მომხდართან დაკავშირებით რეაგირება მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარისგან, თუმცა, უშედეგოდ.

„მდინარაძემ სცადა ჩემზე თავდასხმა, არ გამოუვიდა, მიიღო საკადრისი პასუხი და ყოველთვის მიიღებენ იმ პასუხს, რაც არის ადეკვატური“, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

მან ინციდენტის დეტალებზე საუბარი არ ისურვა და თქვა.

„რა მნიშვნელობა აქვს [ვინ ვიყავით]. მარტო ვიყავი, ანა წითლიძე იყო და ყველა ერთად შეეცადნენ ჩემზე თავდასხმას. უმრავლესობის სხვა წევრებიც იყვნენ. რა მნიშვნელობა აქვს, კომუნიკაცია როგორ დაიწყო. გადმოვიდა შეურაცხყოფაზე, მიიღო შეურაცხყოფა და მიიღო ის, რაც უნდა მიეღო“, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა მდინარაძეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.