ახალი ამბები

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“ დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს

8 ივნისი, 2010 • 1244
„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“ დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებმა, დაპატიმრებული თანამოაზრეების გათავისუფლების მოთხოვნით, ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა „კავკასიის“ ოფისის დაკეტილ კარებთან გააკრეს ტრანსპარანტი წარწერით: „დარეკეთ პატრულში! ჩვენც დაგვაპატიმრონ!“ კავკასიის შენობიდან მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კავკასიის წარმომადგენლებთან შეხვედრა არც სურდათ.

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრები, მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პერმანენტული აქციების ჩატარებას გეგმავენ.

ნეტგაზეთი აქციაზე მისულ ლელიკო ჯაფარიძეს, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრს,“ გაესაუბრა:

„აქცია მართლმადიდებელ ახალგაზრდა, უდანაშაულო, ქრისტიანი ბიჭების დაპატიმრებასთან დაკავშირებით იყო. ეს შვიდი ადამიანი ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელობამ თითზე ჩამოთვლით დააპატიმრებინა. ამიტომაც ვიყავით აქ.“

ლელიკო ჯაფარიძის განცხადებით, დაკავებულები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა:

„არჩევნების დროს პატიმრებს აშანტაჟებდნენ და რას არ უკეთებდნენ, რომ ამათი ხმა ჩაედოთ ჯიბეში. მაგრამ ჩემთვის ეს არ არის საინტერესო. საინტერესოა ის, რომ “თავისუფლების ინსტიტუტი”, გიგი თევზაძე და ამისთანა ხალხი, მთავრობასთან ერთად, ცდილობს მიწასთან გაასწოროს ერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თავისი ტერიტორიის, ენისა და, რაც მთავარია, რწმენის შესანარჩუნებლად იბრძოდა.“

სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის 7 წევრს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 მაისს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოძრაობის წევრები 7 მაისს კავკასიის შენობაში შეიჭრნენ. მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 154–ე (ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა) და 239–ე მუხლებით (ხულიგნობის მუხლით). პირველი მუხლი ორ წლამდე, მეორე კი, ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი