ახალი ამბები

“ამ კანონის მიღება ძალიან დაგვაზარალებს” – ილიაუნის რექტორი

7 მარტი, 2023 • 1917
“ამ კანონის მიღება ძალიან დაგვაზარალებს” – ილიაუნის რექტორი

ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე ეხმაურება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს.

ნინო დობორჯგინიძის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებიდან უკვე ნათელია, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ძალიან დააზარალებს.

“დღეს გერმანიის ელჩმაც გააკეთა განცხადება და უკვე მერამდენემ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან გვითხრა, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონი ხელს შეუშლის ჩვენს ინტეგრირებას ევროკავშირთან.

საერთაშორისო პარტნიორების ეს შეფასება უკვე ნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ძალიან დაგვაზარალებს: ერთი მხრივ, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, მეორე მხრივ, რეპუტაციულად შეეხება ჩვენს უცხოელ დონორებს, რაც აისახება კიდეც მათ მიერ სხვადასხვა მიმართულების პროექტების დაფინანსების შეზღუდვაზე.

ერთიც და მეორეც მძიმე შედეგებს მოიტანს ადამიანის უფლებების, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მცირე მეწარმეობისა და სხვა სფეროებზე”, – აცხადებს ნინო დობორჯგინიძე.

მისი თქმით, პარტნიორების მხრიდან საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების შეზღუდვა მხოლოდ ერთი ინსტიტუციის, ილიაუნის მაგალითზე რომ წარმოვიდგინოთ, ნიშნავს, არ გქონდეს:

  • საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამები გიოტინგენის, მიუნსტერის, ჰალეს, მონპელიესა და გენტის უნივერსიტეტებთან;
  • საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები გლაზგოსა და ტარტუს უნივერსიტეტებთან; სპეცალური საჭიროებების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და ამ მიმართულებით კვლევების შესაძებლობა; ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები;
  • ინსტიტუციური განვითარების, სტუდენტთა, მკვლევართა, პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის 2000-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა სხვადასხვა პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტთან; • გაცვლითი პროგრამები და ინდივიდუალური სასწავლო და კვლევითი პროგრამები ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან;
  • სტემისა და ტექგანათლების სპეციალური პროგრამები სკოლებისთვის, საზაფხულო ბანაკები, მასწავლებელთა საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო ქსელი;
  • საქართველოში სეისმური მონიტორინგის სადგურების ქსელი (ყველა სადგური უცხოური დაფინანსებით აშენდა), მთელი ქვეყნის და საერთაშრისო მასშტაბით მუდმივი შეტყობინების სისტემა;
  • უფლისციხის კლდეებში ძეგლის კონსერვაციისა და მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული შეტყობინების სისტემა;
  • ასეთივე სისტემა და ზოგადად, კლდის ძეგლების მონიტორინგი საბერეებსა და ვარძიაში;
  • უამრავი კვლევითი თუ სარესტავრაციო საგრანტო პროექტი ჩვენი კულტურული თუ ენობრივი მემკვიდრეობის გადასარჩენად;
  • მთარგმნელობითი პროექტები კვლევითი ნაშრომებისა და დარგობრივი სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე სათარგმნად – თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების დიდი უმეტესობა ამგვარად იქმნება. ეს სია ძალიან გრძელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში არამხოლოდ საუნივერსიტეტო სფეროს განვითარებისთვის.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი