ახალი ამბები

თუ აქციაზე გვაკავებენ | უფლებები

5 მარტი, 2023 • 1047
თუ აქციაზე გვაკავებენ | უფლებები

საქართველოში შეკრება-მანიფესტაციების დროს ხშირია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აქტივისტთა უფლებების დარღვევისა და უსაფუძვლოდ შეზღუდვის შემთხვევები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა ბროშურა, რომლის მიზანიცაა აქციების მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ შეკრება-მანიფესტაციების, სამართალდამცავებთან ურთიერთობის ან დაკავების დროს, ასევე – ამ უკანასკნელთა ვალდებულებების თაობაზე.

შეკრების/მანიფესტაციის დროს საჭიროა თუ არა წინასწარი ნებართვა?

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

აქტივისტებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია შეკრებისა ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზით.
დაუშვებელია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან „წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება“ განიმარტოს, როგორც წინასწარი ნებართვის ვალდებულება.

გვაქვს თუ არა ტროტუარზე კარვის განთავსების უფლება?

საქართველოში აქტივისტები პროტესტის გამოსახატავად ხშირად იყენებენ კარავს.
ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები მათ კარვის განთავსების საშუალებას არ აძლევენ.

აქტივისტებს უფლება აქვთ, ტროტუარზე განათავსონ კარავი და ამგვარად გამოხატონ პროტესტი.
2016 წლის 31 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ N3/6463-16 საქმეზე უკანონოდ მიიჩნია აქტივისტებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ კარვის განთავსებაზე უარის თქმა და მერიას დაავალა, მათთვის ამის შესაძლებლობა მიეცა.

პოლიციასთან ურთიერთობა დაკავებისას როგორც წესი, პოლიციელი ატარებს სამსახურებრივ უნიფორმას. თუკი თქვენი შეჩერებისას მას არ აცვია უნიფორმა, უფლება გაქვთ, მოსთხოვოთ სამსახურებრივი მოწმობის
წარდგენა, რათა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად სამართალდამცავს ესაუბრებით.

პოლიციელთან საუბრის დაწყებისას:

  • გაარკვიეთ მისი ვინაობა;
  • არსებობის შემთხვევაში, მოითხოვეთ სამხრე კამერის ჩართვა;
  • თავად გადაიღეთ საუბარი (პოლიციელს არ აქვს უფლება, სათანადო საფუძვლისა
    და დასაბუთების გარეშე შეგიზღუდოთ გადაღების უფლება).

როდის შეუძლიათ სამართალდამცავებს თქვენი დაკავება ადმინისტრაციული
წესით?

კანონმდებლობა ამომწურავად განსაზღვრავს იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ასეთი მიზნებია:

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები;
  • პიროვნების დადგენა;
  •  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, თუ ეს აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვა
    და ამ საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა.

გახსოვდეთ!

დასახელებული მიზნები ადმინისტრაციულ დაკავებას ლეგიტიმურობას სძენს არა მხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ თავისუფლების შეზღუდვის სრული პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, იმისთვის, რომ
ადმინისტრაციული დაკავება ემსახურებოდეს კანონით გათვალისწინებულ
მიზანს, აუცილებელია, ის არსებობდეს პირის დაკავების მომენტიდან მის გათავისუფლებამდე. აქედან გამომდინარე, ამ მიზნის მიღწევისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გაგათავისუფლონ.

რა უფლებები აქვს დაკავებულს?

ადმინისტრაციული დაკავების დროს თქვენ გაქვთ უფლება:

  • იცოდეთ, რომელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას გედავებიან;
  • იცოდეთ, რა საფუძვლით დაგაკავეს;
    გყავდეთ ადვოკატი;
  • თქვენი დაკავების და ასევე ადგილსამყოფლის შესახებ ეცნობოს ახლობლებს;
  • დეტალურად გაეცნოთ დაკავების ოქმს და, სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ ამის
    შემდგომ მოაწეროთ ხელი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად მოითხოვოთ სამედიცინო შემოწმება.

გახსოვდეთ!

  • სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავების დროს სამსახურებრივი
    უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, შესაძლო დანაშაულის
    გამოსაძიებლად მიმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს: +995 32 242 100
  • ამგვარ დარღვევაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ასევე შეგიძლიათ,
    მიმართოთ სახალხო დამცველს: 1481

რა ვადით შეუძლიათ თქვენი დაკავება?

ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარგადგინონ სასამართლოში.
24-საათიანი ვადის გასვლის შემდგომ, მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ უფლებამოსილება, წერილობითი დასაბუთების შემთხვევაში დაკავების ვადა გაახანგრძლივონ არაუმეტეს 24 საათით.

გაითვალისწინეთ:

დაკავებიდან 24 საათის შემდგომ დაკავების ვადის გახანგრძლივებისას აუცილებლად მოსთხოვეთ სამართალდამცავებს წერილობითი დასაბუთება, თუ რატომ გახდა ეს საჭირო. ასეთი დასაბუთების არარსებობისას ითვლებით უკანონოდ დაკავებულად და დაუყოვნებლივ უნდა გაგათავისუფლონ. უკანონოდ დაკავების შემთხვევაში უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება.

რა შემთხვევაში შეუძლიათ თქვენი დაკავება წვრილმანი ხულიგნობისთვის?

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, წვრილმან ხულიგნობად მიიჩნევა (1) საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, (2) მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც (3) არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

თუკი ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლებიდან რომელიმე არ არის სახეზე, ქმედება არ
მიეკუთვნება წვრილმან ხულიგნობას. რა შემთხვევაში შეუძლიათ თქვენი დაკავება სამართალდამცავის კანონიერი

მოთხოვნის დაუმორჩილებლობის/შეურაცხყოფის საფუძველზე?

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამართალდამცავი
ორგანოს თანამშრომლისთვის დაუმორჩილებლობა სახეზეა, როდესაც ხდება სამართალდამცავი პირის (1) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (2) კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან, საპასუხოდ, სიტყვიერი/სხვაგვარი შეურაცხყოფა.

ეს სამართალდარღვევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება
სამართალდამცავი ორგანოს „კანონიერი მოთხოვნის“ და არა ისეთი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა, რომლის გამოც დაკავების უფლებამოსილება სამართალდამცავ პირს არ გააჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი