“საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების”(ICON•S) საქართველოს წარმომადგენლობა “აგენტების” შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს აკრიტიკებს. ორგანიზაცია ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებებით საფრთხეებზე საუბრობს.

“უცხოური გამოცდილებისა და ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, ორივე ეს ინიციატივა და რომელიმე მათგანის კანონად მიღება, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

საქართველოში არ არსებობს აუცილებლობა, რომელსაც ემსახურება ეს კანონპროექტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა ამ კანონების გარეშეც სრულად უზრუნველყოფილია არსებული კანონმდებლობით”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამართლებრივი, სოციალური სახელმწიფოს გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედია-საშუალებებს და მათი საქმიანობა ძირითადად საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

“არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედია-საშუალებების მიმართ ტერმინის „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენება განსხვავებულ ინტერპრეტაციას და მათ სტიგმატიზაციას გამოიწვევს. ამასთან, კანონპროექტებით გათვალისწინებული მოთხოვნები/შეზღუდვები არ ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების ლეგიტიმურ მიზნებს, კანონის სამართლიანობის, გამჭვირვალობის მოთხოვნებს.

აღნიშნული კანონპროექტები არ წარმოადგენენ არც ევროპული ქვეყნების გამოცდილებას და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონისა და  პრაქტიკის გაზიარებას.

კანონპროექტები, მათში გათვალისწინებული მიზნებიდან და დებულებებიდან გამომდინარე,  იმეორებენ რუსეთის ფედერაციაში მიღებული კანონმდებლობის მიზნებს და დებულებებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედია-საშუალებების კონტროლისკენ, მათი საქმიანობის შეზღუდვისკენ არის მიმართული”, – დასძენს ICON•S.

ავტორები ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ ადამიანის უფლებებთან, ევროპის კავშირის ფუძემდებლურ პრინციპებთან წინააღმდეგობის გამო, წარსულში მსგავსი კანონების მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატა როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ისე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, რაც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გასათვალისწინებელია:

“ამასთან, კანონპროექტის კანონად ქცევა ღია განაცხადი იქნება ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ საქართველო სწორედ მათ განიხილავს როგორც ქართულ საზოგადოებაზე მტრული გავლენის მომხდენ სახელმწიფოებად,  მაშინ, როცა ისინი  ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად, ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

საქართველოს უკლებლივ ყველა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ინიციატივის მიმართ, რაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმ სახელმწიფოსთვის რომლის კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ორგანოებს რომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

დასძენს რა, რომ პარლამენტში ამ კანონპროექტების განხილვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას აკარგვინებს, ორგანიზაცია მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანონპროექტს.

რა ხდება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.