ახალი ამბები

ბახმუტთან უკრაინული ძალები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან – ბრიტანული დაზვერვა

4 მარტი, 2023 • 1102
ბახმუტთან უკრაინული ძალები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის მიერ ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქ ბახმუტის მცველი უკრაინული ჯარებისთვის რესურსების მიწოდების შესაძლებლობა სულ იზღუდება – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ყოველდღიურ ანგარიშში დღეს, 3 მარტს.

ანგარიშის ცნობით, უკრაინის სარდლობა აძლიერებს ქალაქის თავდაცვას ელიტარული ნაწილების გადაადგილებით და მნიშვნელოვანი ხიდების განადგურებით, მაგრამ რუსული ჯარები აგრძელებენ წინსვლას ქალაქისკენ.

„ბახმუტის მცველი უკრაინული ძალები მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან; ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს როგორც თავად ქალაქში, ასევე მის გარშემო“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული არმიის რეგულარულმა ნაწილებმა და „ვაგნერის“ ჯგუფმა მოახერხეს ღრმად გადაადგილება ქალაქის ჩრდილოეთ, გარეუბანში.

„უკრაინელები ამაგრებენ ტერიტორიას ელიტური ფორმირებებით და ბოლო 36 საათის განმავლობაში ბახმუტში ორი საკვანძო ხიდი განადგურდა, მათ შორის მნიშვნელოვანი გადასასვლელი, რომელიც აკავშირებს ქალაქს ბახმუტიდან ჩასოვ იარამდე მიმავალ ბოლო მთავარ მარშრუტთან“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ბოლო შეფასებით, უკრაინული ძალები, როგორც ჩანს, ემზადებიან ბახმუტის ზოგიერთი რაიონიდან ჯარების გასაყვანად. ამავდროულად, ზოგიერთი სამხედრო ექსპერტის აზრით, ხიდების აფეთქება შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ უკრაინის ძალებმა ან უკვე დატოვეს ქალაქი, ან მისი დატოვების პროცესში არიან.

ამის პარალელურად, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლას აგრძელებენ. დღეს, 4 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახმუტში ჩავიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, გენერალი ვიქტორ ხორენკო.

ხორენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა ქვედანაყოფი, რომელიც ჩართულია ბახმუტის დაცვაში, ნათლად ასრულებს დაკისრებულ ამოცანებს. „ჩვენი ჯარისკაცები მუდმივად მუშაობენ ურთულეს პირობებში და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტრის ჯარების რაოდენობა ყოველდღიურად შემცირდეს“ – თქვა მან.

ამავდროულად რუსული მედია წერს, რომ ქალაქი თითქმის მთლიანად ალყაშია.

დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ბოლო თვეები ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია. ექსპერტები წერენ, რომ რუსეთმა უდიდესი დანაკარგი მიიღო ბახმუტთან და დიდი უკრაინული მხარის დანაკარგიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი