ახალი ამბები

“დაირღვა თავისუფლების უფლება” – საპატრიარქოზე „Fuck Homophobia“ წარწერის საქმე სტრასბურგში

3 მარტი, 2023 • 1232
“დაირღვა თავისუფლების უფლება” – საპატრიარქოზე „Fuck Homophobia“ წარწერის საქმე სტრასბურგში

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე „ძერკორაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

საქმე ეხება საქართველოს შვიდი მოქალაქის დაკავებას 2016 წლის 17 მაისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს მთავარ შენობის კედელზე გრაფიტის გაკეთებისთვის. ლგბტ აქტივისტებმა ასფალტსა და საპატრიარქოს ღობეზე სტენსილით დახატეს ცისარტყელას დროშა და დააწერეს „Fuck Homophobia and Transphobia”. აქციის მონაწილეები დავობდნენ, რომ მათ არ მიეცათ გამოხატვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ასევე, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასათანადო ფიზიკურ მოპყრობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

განმცხადებლები დავობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე:

  • მე-3 მუხლი — არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა
  • მე-5 მუხლი — თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
  • მე-8 მუხლი — პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება
  • მე-11 მუხლი – შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
  • მე-13 მუხლი — სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება
  • მე-14 მუხლი — დისკრიმინაციის აკრძალვა

სტრასბურგის სასამართლომ მე-3, მე-8, მე-11 და მე-14 მუხლის ნაწილებში სარჩელი დაუშვებლად ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად) დარღვევას.

სახელმწიფომ განმცხადებლებს უნდა გადაუხადოს თითოეულს 2 000 ევრო (ორი ათასი ევრო), პლუს ნებისმიერი გადასახადი არამატერიალური ზიანის გამო.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს თბილისში ლგბტ აქტივისტები დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი