ახალი ამბები

„არა რუსულ კანონს!“ — წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

2 მარტი, 2023 • 703
„არა რუსულ კანონს!“ — წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მიჩნევს, რომ „აგენტებზე“ რუსული კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების არაერთხელ დადასტურებულ ევროპულ მისწრაფებებს, მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას და ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას:

„ახლა, როცა ჯანსაღი ძალების გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამგვარი კანონპროექტების განხილვაც კი აზიანებს ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს და იწვევს დაძაბულობას ქვეყნის შიგნით.

საქართველოს პარლამენტი დღეს აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები და დროულად მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, რომ რეალურად დავაღწიოთ თავი აგრესორი რუსეთის გავლენის სფეროს.

მოვუწოდებთ ქართველ პარლამენტარებს, გაიხსენონ და გაიაზრონ წარსულის მწარე გაკვეთილები. ნუ დაუშვებთ შეცდომას, რომელიც ლაქად დააჩნდება თითოეული თქვენგანის ბიოგრაფიას და ჩვენი ქვეყნის ისტორიას.“

საქართველოს პარლამენტი დღეს, 2 მარტს იწყებს საკომიტეტო განხილვებს კანონპროექტებისა, რომელთა საბოლოო მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონის მიღებით რუსეთში 2012 წლიდან დაიწყეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიები.

მასალების გადაბეჭდვის წესი