სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მიმართავს მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს, ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაშიც, წლების მანძილზე, თავად დიდი წვლილი შეიტანა.
გიორგი ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან.“ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, აპირებენ მხარი დაუჭირონ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს.
მსგავსი კანონიც რუსეთში 2012 წელს მიიღეს და წლებია რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის რეპრესირებისთვის იყენებს.
მსგავსი თხოვნით მიმართეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს მისმა ყოფილმა სტუდენტებმაც. მათ სამხარაძეს სთხოვეს, წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
