ახალი ამბები

მოსწავლე გოგოები ირანის სკოლებში მასობრივად იწამლებიან

2 მარტი, 2023 • 710
მოსწავლე გოგოები ირანის სკოლებში მასობრივად იწამლებიან

მასობრივი მოწამვლის მორიგი ტალღის შემდეგ, ირანის 20-ზე მეტი სკოლის ათეულობით მოსწავლე გოგო საავადმყოფოში მოხვდა. BBC-ის ცნობით, დიდი ალბათობით, ეს პროცესი უკავშირდება თავდასხმას ტოქსიკური გაზით.

არის ეჭვები, რომ პროცესი შეიძლება იყოს გოგოების სკოლების მიზანმიმართული დახურვის მცდელობა, ისევე როგორც შურისძიება მოსწავლე გოგოების მიმართ ანტისამთავრობო პროტესტში მათი მონაწილეობის გამო.

“გაზით მოწამლეს მოსწავლეები”

უკანასკნელ პერიოდში ირანის სკოლებში სულ უფრო მეტი მოსწავლე გოგო იწამლება. BBC-ის მიხედვით, ნოემბრიდან დღემდე, ჯამში, 1 000-ზე მეტი მოსწავლე დაზარალდა. მათ აღენიშნებათ სუნთქვის პრობლემები, გულისრევა, თავბრუსხვევა და დაღლილობა.

როგორც Washington Post წერს, მიმდინარე პერიოდში მოწამლულთაგან ზოგიერთი ბიჭია, თუმცა ჩანს, რომ დაზარალებულთა დიდი უმრავლესობა გოგოა. დაღუპვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

“ჩემი ქალიშვილი და მისი ორი მეგობარი ამბობენ, რომ აფეთქების მსგავსი რაღაც გაიგეს და მაშინვე აავსო ჰაერი უსიამოვნო სუნმა — რაღაც დამწვარი პლასტმასის მსგავსმა”.

“მათ სთხოვეს კლასის დატოვება და ეზოში შესვლა. ბევრმა მოსწავლე ეზოში ეცემოდა. ჩემი ქალიშვილის კლასში ასთმით და გულის პრობლემებით დაავადებული ბავშვები არიან”, — ციტირებს ტელეკომპანია მშობელს თეირანიდან.

ადგილობრივი მედიისა და აქტივისტების მიხედვით, მოწამვლის უკანასკნელმა ტალღამ ირანის 5 ქალაქში მდებარე 26 სკოლა მოიცვა. ვიდეოებში ჩანს სკოლებთან მისული სასწრაფო დახმარების მანქანები, ისევე როგორც, საავადმყოფოებში გადაყვანილი მოსწავლეები.

ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც თეირანშია გადაღებული, სკოლის გარეთ, ტროტუარზე მჯდომი მოსწავლე გოგოები ჩანან. იქვე, სკოლის ჭიშკართან მისული დედა ყვირის: “სად არის ჩემი შვილი?!”

“გაზით მოწამლეს მოსწავლეები” — პასუხობს კაცი.

 

ურთიერთწინააღმდეგობრივი განცხადებები

ბევრ ირანელს სჯერა, რომ მოწამვლის შემთხვევები, რომლებიც თავდაპირველად შიიტი მუსლიმებისთვის რელიგიურად მნიშვნელოვან ქალაქში, ყუმში იყო კონცენტრირებული, წარმოადგენს ისლამისტური ჯგუფების მიზანმიმართულ მცდელობას, დაიხუროს გოგოების სკოლები ირანში.

ოფიციალურ პირთა მხრიდან პროცესთან დაკავშირებით ურთიერთწინააღმდეგობრივი განცხადებები კეთდება. The Guardian-ის ცნობით, განათლების მინისტრის მოადგილე, იუნუს პანაჰი მიმდინარე კვირაში აცხადებდა, რომ:

“[ქალაქ] ყუმში რამდენიმე მოსწავლის მოწამვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს სურდა ყველა სკოლის დახურვა, განსაკუთრებით გოგოების სკოლებისა”.

თუმცა მოგვიანებით პანაჰიმ დასძინა, რომ მისი კომენტარი არასწორად იყო გაგებული. შესაბამისად, ირანის მთავრობა ოფიციალურად არ ადასტურებს მოწამვლის ფაქტების მიზანმიმართულობას.

ამასთან, ირანის პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ირანული მედიის თანახმად, სამშაბათს ამბობდა, რომ გამოძიებამ ტოქსიკურ აირში აზოტს მიაგნო. თუმცა მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა უარყო ინფორმაცია კონკრეტული ქიმიური ნივთიერების აღმოჩენის შესახებ.

ირანის პრეზიდენტმა მასობრივი მოწამვლების “ძირითადი მიზეზის” დადგენა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა. ის უცხოურ მედიასა და “დაქირავებულ ჯგუფებს” ადანაშაულებს სიტუაციის გამოყენებაში ფსიქოლოგიური ომის საწარმოებლად.

“შურისძიება”

პარალელურად, მოწამვლების შეჩერების მოთხოვნით, იზრდება საზოგადოების მხრიდან  ხელისუფლებაზე ზეწოლა.

ზოგიერთის ვერსიით, მასობრივი მოწამვლები შურისძიებაა მოსწავლე გოგოების მიმართ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ გასული წლის სექტემბერში ირანში დაწყებულ ანტისამთავრობო პროტესტში.

საუბარია პოლიციის მიერ დაკავებული ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ აგორებულ პროტესტზე, რომლის დროსაც სახელისუფლებო ძალებმა, უფლებადამცველთა ცნობით, 500-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს და 20 000-მდე მოქალაქე დააკავეს.

“მათ სურთ შური იძიონ სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც ბოლო საპროტესტო აქციების პიონერები არიან”, — ციტირებს The Guardian ექიმს, რომელიც მოწამვლის მკურნალობაშია სპეციალიზებული.

ოთხშაბათს თეირანის ერთ-ერთ სკოლასთან გადაღებულ ვიდეოში ისმის, როგორ სკანდირებენ გოგოები ბოლო საპროტესტო აქციების სიმბოლოდ ქცეულ სლოგანს: “ქალი, სიცოცხლე თავისუფლება”, ისევე როგორც — “სიკვდილი ბავშვთა მკვლელ მთავრობას”.

“არავის სჯერა, რომ ისინი გამოიძიებენ ამ თავდასხმებს… სისტემის იმედი არ მაქვს. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო გაიგონებს ჩვენს ხმას და შეაჩერებს ბავშვების მკვლელებს”, — ეუბნება BBC-ს ერთ-ერთი მშობელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი