ახალი ამბები

გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულია „აგენტების“ კანონპროექტით

1 მარტი, 2023 • 1095
გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულია „აგენტების“ კანონპროექტით

გაერთიანებული სამეფო „სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის გამო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შემდეგი ნაბიჯების განხილვისას გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციებისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა განაცხადა. იგი დღეს სიტვით გამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელებისთვის მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმის ამოქმედებას.

„მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების სექტორის ქალ წარმომადგენლებთან ერთად ამ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდა.
მე მკაფიოდ განვაცხადე, დღეს რომ ძალაში იყოს განხილვაში მყოფი კანონი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“, ეს პირდაპირ იმოქმედებდა იმ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და ქალ აქტივისტებზე, რომლებსაც გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს, რათა მათ საქართველოს მთავრობის შერიგებისკენ მიმართული დღის წესრიგი განახორციელონ. ისინი იქნებოდნენ „უცხოელი აგენტის“ სტიგმის ქვეშ, რაც არ მგონია, მართებული იყოს“, — წერს მარკ კლეიტონი Twitter-ზე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი