ახალი ამბები

ბრეგაძე ადასტურებს, რომ EU-ს სახელმწიფოების სახელით დემარში მიიღო

28 თებერვალი, 2023 • 1179
ბრეგაძე ადასტურებს, რომ EU-ს სახელმწიფოების სახელით დემარში მიიღო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით დემარში მიიღო:

„გუშინდელ შეხვედრას რაც შეეხება, ეს იყო შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, ასევე, შვედეთის ელჩთან, რომლებმაც გააჟღერეს დემარში. კერძოდ, ეს იყო მომართვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით, რაც უკავშირდებოდა შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის, მკურნალობის მიზნით.

ეს იყო შეხვედრის ძირითადი პათოსი. იყო, რა თქმა უნდა, საუბარი სხვა საკითხებზეც, თუმცა ამის შესახებ არ ვისაუბრებ შეგნებულად, რადგან ასეთია შეთანხმება ელჩებთან, რომ დეტალურ შინაარსობრივ საკითხებზე ჩვენ არ ვისაუბრებთ. ამის შესახებ გააკეთა განცხადება ევროკავშირის ელჩმა და მან ისიც აღნიშნა, რომ ჩვენ გვქონდა საკმაოდ ვრცელი და გულწრფელი საუბარი ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 27 წევრი სახელმწიფოს სახელით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის შესახებ დემარში [ოფიციალური გზავნილი] გადასცა. შეხვედრა 27 თებერვალს შედგა.

“შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეობას წარმოადგენს, იუსტიციის მინისტრთან მოვიტანეთ ოფიციალური დემარში, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება.

ძალიან შეშფოთებული ვართ მისი გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობების გამო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დემარში შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, რომლებიც ამ დემარშზე ბრიუსელში, ევროკავშირის 27-ვე დედაქალაქის წარმომადგენლების მონაწილეობით შეთანხმდნენ”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი