ახალი ამბები

„ექიმებს თუ არ დაემორჩილება, რა თქმა უნდა, მდგომარეობა გაუარესდება“ — ბრეგაძე სააკაშვილზე

28 თებერვალი, 2023 • 828
„ექიმებს თუ არ დაემორჩილება, რა თქმა უნდა, მდგომარეობა გაუარესდება“ — ბრეგაძე სააკაშვილზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ მიხეილ სააკაშვილის საკითხის პოლიტიზებას ეწევა. იუსტიციის მინისტრის თმით, თუ სააკაშვილი „არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება“:

„პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოს რადიკალურმა ოპოზიციამ ამ საკითხის პოლიტიზება. ამ საკითხს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ეს არის სასჯელის მოხდა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში, როგორიც დღეს არის საქართველო, და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ეს არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ყველას მხრიდან – შეწყდეს საკითხის პოლიტიზება. მეორე – როდესაც ადამიანს სურს, რომ გამოჯანმრთელდეს, ის უნდა დაემორჩილოს მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს. ეს არის მეორე, მოდი, ასე ვთქვათ, კატეგორიული მოთხოვნა და ამ სიტუაციიდან გამოსავალი. თუ ის არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

რატი ბრეგაძის თქმით, „სააკაშვილის მომხრეების რადიკალური ჯგუფი“ შეგნებულად ცდილობს მსჯავრდებულის მდგომარეობა გაუარესდეს, მაშინ, როცა ბრეგაძის გუნდის ინტერესში მისი ჯანმრთელობაა:

„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი და სააკაშვილისა და მისი მომხრეების რადიკალური ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ვერ ემთხვევა, იმიტომ, რომ ჩვენი ინტერესია ამ ადამიანის ჯანმრთელობა, ეს ხალხი კი შეგნებულად ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და მან ამ მოტივით მოიპოვოს თავისუფლება“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, უწყებას დასამალი არაფერი აქვს და პირიქით, სურთ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის დაკავების დღიდან მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ „ცილისწამების ძალინ დიდი ნიაღვარი“ მოედინება:

„ამ ადამიანის პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს საზოგადოებასთან. გვაქვს შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და ვაწვდით რეგულარულად ინფორმაციას. ამას ვამბობ სპეციალურად ხაზგასმით, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – ამბობს რატი ბრეგაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი