ახალი ამბები

“ნაბიჯი უკან ვერ იქნება, როცა ჯერ მიღებული არაა” – თალაკვაძე უმრავლესობის კანონპროექტზე

28 თებერვალი, 2023 • 583
“ნაბიჯი უკან ვერ იქნება, როცა ჯერ მიღებული არაა” – თალაკვაძე უმრავლესობის კანონპროექტზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყნის პროდასავლურ გზაზე ეს “ნაბიჯი უკან ვერ იქნება, როცა ჯერ კანონი მიღებული არ არის”.

უჭერს თუ არა თავად მხარს აღნიშნულ კანონპროექტს, თალკვაძე არ პასუხობს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ქვეყნის ინტერესებში შედის და საჭიროა.

თალაკვაძე ირწმუნება, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ჯანსაღ არგუმენტებს დაეფუძნება და იმ ორგანიზაციების საქმიანობას არ დააზიანებს, რომლებიც “საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ”.

“არცერთ სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციას არანაირ პრობლემა არ უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ გაასაჯაროვოს თავის დაფინანსების წყაროები და ის მიზნები და პროგრამები, რომელსაც ახორციელებს”, – ამბობს თალაკვაძე.

კითხვაზე, რა არ არის ახლა საჯარო, თალაკვაძე გვპასუხობს:

“მე ვფიქრობ, რომ საჭირო არის არსებობდეს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც ეს ორგანიზაცია ახორციელებს. ახლა ასეთი რესურსი არ არსებობს, რომ მოქალაქემ ეს ინფორმაცია პროაქტიულად ნახოს. თუ არ გამოითხოვა და კონკრეტული პროცედურა არ გაიარა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

დღეისათვის სახელმწიფოს, შემოსავლების სამსახურის გავლით, ისედაც აქვს ყველა სახის ფინანსური ინფორმაცია, თუ რა თანხები ტრიალებს უცხოური ფონდებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ანგარიშებზე. ამასთან, დონორებიც და ორგანიზაციებიც თავად ასაჯარობენ პროექტების ხარჯებსა და მიზნებს.

ჩვენს შეხსენებაზე, რომ ეს ინფორმაცია საჯარო და ხელმისწავდომია, თალაკვაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია “გაფანტულია”.

“შესაძლოა, გაფანტულად და ფრაგმენტულად სადღაც დევს, მაგრამ აქ საუბარია, რომ შეიქმნას ერთიანი და ამომწურავი რეესტრი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება, რომ ნახოს ვინ ესაუბრება მას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ჩვენს დაზუსტებაზე, ეს ნიშნავს, რომ არასამთავრობოთა დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა და უბრალოდ მათ ერთად თავმოყრა სჭირდება, თალაკვაძე პასუხობს:

“მე გეუბნებით, რომ საჭიროა იყოს სრულფასოვანი და ამომწურავი ინფორმაცია და მოქალაქეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი. ამის საწინააღმდეგო მე მჯერა, რომ არცერთ ორგანიზაციას არეფერი ექნება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აგენტის სტატუსის მინიჭებას, თალაკვაძე ამბობს, რომ ეს საკითხები საპარლამენტო განხილვის საგანია.

არჩილ თალაკვაძეს წარსულში თავადაც უმუშავია ისეთ ორგანიზაციებში, რომლებსაც აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, მიენიჭოს „უცხოური ძალის“ ან/და „უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსი:

  • 2006 – 2007: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა, პროექტის კოორდინატორი;
  • 2007: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (სოროსის ფონდი), ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი;
  • 2011 – 2012: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამა, დირექტორის მოადგილე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიცირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებული” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, სადაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონი თითქმის ერთი საუკუნის წინ ამოქმედდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი