ახალი ამბები

გალში აფხაზების მკვლელობები გრძელდება

4 ივნისი, 2010 • 1452
გალში აფხაზების მკვლელობები გრძელდება

გალის რაიონში წუხელ სოფელ რეფის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი კაცია საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა, თორნიკე კილანავამ გვაცნობა, რომ კაციას მკვლელობის მიზეზი რეფისა და გალის რაიონის სოფლების მოსახლეობისგან ამოღებული გადასახადის განაწილება გახდა.

 კილანავას ინფრომაციით, აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილების მხრიდან, დაბალი ზონის სოფლებში კონტროლს ეწინააღმდეგებოდა. ასეთი დაპირისპირება კი კაციას ლიკვიდაციით დასრულდა.

”კაციას ჰქონდა დავალება აფხაზური ადმინისტრაციისგან, რომ  მოსახლეობისგან მას აეკრიფა  და სამეურნეო ნაწარმი აეკრიფა. იგი ახორციელებდა რეკეტს და მოსახლეობას მონურად ამუშავებდა. მაგალითად, მას ჰქონდა საზამთროს მეურნეობა, სადაც 30-მდე  ქართველს ყოველდღიურად ყოველგვარი ჯამაგირის გარეშე ამუშავებდა”, – აცხადებს  კილანავა და ამბობს, რომ სწორედ ამის დათმობა არ უნდოდა კაციას რუსი სამხედროებისთვის, რომლებსაც გალის რაიონში ძალაუფლების აღება სურთ.

”ჩვენი ინფორმაციით, კაციას მანქანაში მყოფი სამი თუ ორი აფხაზი დაიჭრა, რომლებიც გალის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ამბობს კილანავა.   

დიმიტრი კაციას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ   გმირის წოდება მიანიჭა. სოფელ რეფის მაცხოვრებლები ასე  ახასიათებენ მას: ”სოფლის გამგებლად დანიშვნის შემდეგ მოსახლეობას კარგ საქმეებს უკეთებდა”, – ამბობს რეფელი მამაკაცი და განაგრძობ მოყოლას – ”კაციამ ელექტროენერგიის პრობლემა მოგვიგვარა. სოფელს შეჩვეული იყო და იცოდა მოსახლეობის პრობლემებიც”, – გვითხრა რეფელმა მამაკაცმა, რომელმაც დიმიტრი კაციას ლიკვიდაცია დაგვიდასტურა და მკვლელობის საკუთარი ვარაუდები გვითხრა: ”ზოგი ამბობს, რომ კაცია რუსებთან დაპირისპირების გამო მოკლეს. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ აფხაზებმა დაცხრილეს”, – გვითხრა რესპოდენტმა.

მიმდინარე კვირაში გალის რაიონში ეს რიგით მეორე მკვლელობაა. 2 ივნისს სოფელ საბერიოსკენ მიმავალი აფხაზი მებაჟეების ავტომანქანა ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს. გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ორი აფხაზი მებაჟე. მაშინ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, გალის რაიონში მებაჟეებზე თავდასხმის გამო, ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა საიდ ტარკილმა სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ დივერსიული აქტი საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა განახორციელეს. თავის მხრივ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა ირწმუნებოდა, რომ დაპირისპირება აფხაზებს და რუს სამხედროებს შორის მოხდა და მიზეზი გალის რაიონის მოსახლეობისგან იძულებით მიღებული თანხის განაწილება იყო.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ რუს და აფხაზ მესაზღვრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ხშირია, რაც სამხედროების ლიკვიდაციით სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი