ახალი ამბები

141 მომხრე, 7 წინააღმდეგი — გაეროს გენასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

24 თებერვალი, 2023 • 1359
141 მომხრე, 7 წინააღმდეგი — გაეროს გენასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება უკრაინის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ ძირითად დებულებებს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს 141-მა წევრმა ქვეყანამ, საქართველოს ჩათვლით, 32-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა შვიდმა ქვეყანამ: ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ერითრეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა და სირიამ.

სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტი შეიცავს მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის მიმართ „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან“. მოითხოვს ომის ტყვეებისადმი სათანადო მოპყრობას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრულ პატივისცემას და უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარყო ბელარუსის ორი შესწორება, რომლებიც რეზოლუციის „გაბუნდოვნებას“ ისახავდა მიზნად. პირველი ეხებოდა უცხოელი ლიდერების განცხადებების დაგმობას „მინსკის შეთანხმებებთან“ დაკავშირებით, ხოლო მეორე — მოწოდებას უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტისკენ.

2022 წლის შემოდგომაზე G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა წარმოადგინა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოება, საკვები და ენერგეტიკა, ასევე, რუსული ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი