ახალი ამბები

ევროკავშირმა საქართველოს 37 მილიონი ევრო გამოუყო

3 ივნისი, 2010 • 1012
ევროკავშირმა საქართველოს 37 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს 37 მილიონი ევრო გამოუყო  ქვეყნის  რეგიონებს შორის უთანასწორობის შემცირებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური განვითარებისთვის. თანხა საქართველოსთვის ევროკომისიამ 2010 წლის სამოქმედო გეგმისთვის გამოყო. სამოქმედო გეგმა, რომელიც ყოველწლიურია,  ევროკავშირმა 2010 წლის 1 ივნისს დაამტკიცა.

 ”ევროკავშირის დახმარება მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს უფრო ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში და, ასევე, პროგრამებს, რომელთა მიზანია დაუცველი სოციალური ჯგუფებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენის ეფექტურობის გაზრდა”- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.

 შტეფან ფულემ, ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში აღნიშნა: “ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში რეფორმების პროცესის დაჩქარებას, იმ მიზნით, რომ საქართველოს ყოველმა მოქალაქემ  მიიღოს კონკრეტული სარგებელი ევროკავშირთან დაახლოების, საყოველთაო თავისუფლებითა და ადამიანის უფლებებით სარგებლობის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის შედეგად. ვიმედოვნებ, რომ დღეს მიღებული გეგმა, ამ მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს”.

 37 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტიდან  (ENPI) გამოიყო, რომელიც საქართველოსა და  ევროკავშირის აღმოსავლეთ და ხმელთაშუა ზღვის აუზის მეზობელი სახელმწიფოებისთვის (სულ 16) გაწეული დახმარების ძირითადი წყაროა. ამ დახმარების მიზანია ევროკავშირსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და პროგრესული ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 დახმარებამ  ასევე ხელი უნდა  შეუწყოს პარტნიორი სახელმწიფოების შემდგომ ნაბიჯებს კარგი მმართველობისა და დაბალანსებული სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსების გარდა, საქართველო დახმარებას იღებს ,,დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის ევროპული ინსტრუმენტიდან (EIDHR) და სხვა თემატური პროგრამებიდან.

ამავე თემაზე:

ევროკავშირი და საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი