ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო მუზეუმიდან კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა

23 თებერვალი, 2023 • 1300
კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო მუზეუმიდან კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა

კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშორმელმა, გიორგი ჯამბურიამ.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც გიორგი ჯამბურიას ინტერესებს იცავდა. ჯამბურია ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ.

მათი ინფორმაციით,  თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გიორგი ჯამბურიას ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლება და გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

„ გიორგი ჯამბურია სამსახურიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა მუზეუმში რეორგანიზაციის გამოცხადება. ჩვენი შეფასებით, რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოიყენეს თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით.

შესაბამისად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა გიორგი ჯამბურიას კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას და ამდენად, მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო, რაც სასამართლომ გაიზიარა“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილს, რომლითაც კომპენსაციის ოდენობა 2000 ლარით განისაზღვრა, რაც, მათი შეფასებით, შეუსაბამოდ დაბალი ოდენობაა.


გიორგი ჯამბურიას საქმემდე ცნობილი იყო კულტურის სექტორიდან დათხოვილი კიდევ 6 ადამიანის შესახებ, რომელთაც წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო.

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძე ნეტგაზეთთან ამბობს,  ამ დროისთვის კულტყურის სამინისტროს წინააღმდეგ 40-ზე მეტი ადამიანი დავობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი