ახალი ამბები

კენჭისყრის შედეგები ხუთ საარჩევნო უბანზე გაუქმდა

3 ივნისი, 2010 • 1071
კენჭისყრის შედეგები ხუთ  საარჩევნო უბანზე გაუქმდა

30 მაისის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 20, ხოლო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში სულ 232 საჩივარი შევიდა, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა ისაუბრა. კენჭისყრის შედეგები 5 საარჩევნო უბანზე გაუქმებულია. სამ შემთხვევაში უბნების გაუქმების მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი გახდა. რამდენიმე რაიონის რამდენიმე ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევნები არ გაიმართა.

სულ 20 საჩივრიდან 12 საჩივარი-განცხადება ცესკომ უკვე განიხილა, ხოლო დარჩენილი 8 საჩივრის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.

 საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში სულ 232 საჩივარი შევიდა. აქედან განხილულია  121,  დაკმაყოფილდა 15 საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13, არ დაკმაყოფილდა 63, საჩივრის უსაფუძვლობის ან საჩივრის განხილვის ვადის გასვლის გამო,  განხილვაზე უარი ეთქვა 30 საჩივარს.

 კენჭისყრის შედეგები გაუქმდა ხუთ საარჩევნო უბანზე:

 ლაგოდეხის #21 საარჩევნო უბანზე შედეგები გაუქმებულ იქნა საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით პროცედურების დარღვევის გამო, მესტიის #13 უბანზე კი საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის არარსებობის საფუძველზე.

 საგარეჯოს #46 და #47 უბნებზე შედეგები გაუქმებულად იცნო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” საჩივრის საფუძველზე. NGO-ს მიერ წარმოდგენილი დარღვევები თავდაპირველად საოლქო კომისიამ განიხილა და სარჩელი არ დააკმაყოფილა მტკიცებულებების არქონის გამო. მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ბრიფინგზე დარღვევების ამსახველი ვიდეო მასალა წარმოადგინა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით შეისცავლა ეს საკითხი. შედეგად საგარეჯოს #46 და #47 საარჩევნო უბნებზე შედეგები ბათილად იცნო.

 ასევე საერთო მონაცემებს არ შეუერთდება მცხეთის #24 საარჩევნო უბანზე მიღებული შედეგები. უბნის შედეგების გაუქმების საფუძვლად არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო საზოგადოების” საჩივარი იქცა.

 არასამთავრობო ოეგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს” მიერ წარმოდგენილი საჩივრის გამო, ასევე შესაძლოა, ბათილად იქნას მიჩნეული ახალქალაქის #15 საარჩევნო უბნის მონაცემები. საჩივარს  ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქი დღეს განიხილავს.

მაჟორიტარულ ბიულეტინებში ხარვეზების აღმოჩენის გამო, მაჯორიტარული წესით არჩევნები არ ჩატარდა წალკის ოლქის #25, ცაგერის #32 და ონის #15 უბნებზე. განმეორებითი კენჭისყრა ამ უბნებზე, სავარაუდოდ, 2010 წლის 12 ივნისს გაიმართება.

პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები ყველა უბანზე დათვლილია, რაც შეეხება მაჯორიტარული წესით ჩაატარებულ არჩევნებს, დასათვლელად დარჩენილია 31 უბნის შემაჯამებელი ოქმების მონაცემები. სულ საქართველოში 3694 საარჩევნო უბანია.

 კანონის თანახმად, ცესკო საბოლოო შედეგებს არაუგვიანეს 23 ივნისისა აქვეყნებს. შედეგების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში საკრებულო უფლებამოსილია, მოიწვიოს პირველი სხდომა.  

 თუ რა ტიპის საჩივრები შევიდა ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამის შესახებ ინფორმაცია უფრო დაწვრილებით ხვალ გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი