ახალი ამბები

IFJ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს წევრობას უჩერებს 

23 თებერვალი, 2023 • 2284
IFJ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს წევრობას უჩერებს 

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს წევრობა შეუწყვიტა. 

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად ფედერაცია ასახელებს გამოძიების შედეგებს, რომლის თანახმადაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა ოფისები გახსნა რუსეთის მიერ  ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. 

 „IFJ არის ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სოლიდარობას, წევრ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის პრინციპებს და ყველა ჟურნალისტის უფლებების პატივისცემას. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ქმედებებმა ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ოთხი ფილიალის დაარსების თაობაზე აშკარად დაარღვია ეს სოლიდარობა და განხეთქილება დათესა”, – განაცხადა IFJ-ის პრეზიდენტმა დომინიკ პრადალიემ. 

მან ასევე უპასუხა აქამდე არსებულ კრიტიკას, რომ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას ეს გადაწყვეტილება აქამდე უნდა მიეღო: 

„ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედეთ ჩვენი წესების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს, რომ არცერთი წევრი არ დაექვემდებაროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. შემოვიდა საჩივარი, გამოვიკვლიეთ და ფაქტებიდან გამომდინარე, ვიმოქმედეთ”. 

ფედერაცია აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა იპოვონ გზები, რათა გააგრძელონ რუსეთში და ქვეყნის გარეთ მყოფი იმ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. 

ასევე, IFJ ყურადღებას ამახვილებს ორი უკრაინული წევრი ორგანიზაციის მიმართ სოლიდარობაზე და მათზეც, რომლებმაც შეიჩერეს ფედერაციის წევრობა პროტესტის გამო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი