„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შეშფოთებულია და საქართველოს მოუწოდებს, არ მიიღოს კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, დამტკიცების შემთხვევაში, კანონმდებლობა სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ისედაც შემცირებულ სივრცეზე, ასევე, ძირს გამოუთხრის მომავალ პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ჯგუფის მიერ ინიციირებული კანონპროექტი ასახავს რუსეთში 2012 წელს მიღებულ და 2022 წელს გაფართოებულ მჩაგვრელ კანონმდებლობას, რომელსაც კვლავ მკაცრად გმობს საერთაშორისო საზოგადოება.

„აქტიური სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი აქტივია. შემოთავაზებული კანონმდებლობა ეხება არა გამჭვირვალობას, არამედ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის იარლიყის მიკერებას და დემონიზაციას. თუ კანონმდებლობა მიღებული იქნება, ის ასევე შეაფერხებს მომავალ პროგრესს ფართო სპექტრში, მათ შორის ანტიკორუფციულ სფეროებში“, – განაცხადა დელია ფერეირა რუბიომ, საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საუბრობს მმართველი პარტიის შურისძიებაზე დამოუკიდებელი აქტორების მიმართ და იხსენებს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) გამოქვეყნების შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლები თავს დაესხნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ქართულ განყოფილებას.

„წინადადება, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედიაორგანიზაციები, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, „უცხოური აგენტები“ ეწოდოს, ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ქმედება, ჟურნალისტების დაცვის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირს კანდიდატობის მისაღწევად“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.