ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრეს.
როგორც ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს, ერთ-ერთი დაჭრილი ზამი როგავაა, რომელიც მას თავად დაუკავშირდა. ჟურნალისტის ცნობით, ქალმა უთხრა, რომ მას და მამამისს თავს დაესხა ძებნილი პირი.
„რამდენიმე ჟურნალისტს, მათ შორის მეც თავად დაჭრილი ზამი როგავა დაგვიკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული, ძებნილი შერმა, იგივე ვალტერ როგავა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა“, – წერს ლაშა ბერულავა.
ბერულავა ქალის მონათხრობსაც ავრცელებს:
„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა. როცა მე ვეცი, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. ახლა დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ, აი, ეს მოსდევს იმას, რომ ძებნილი ამდენ ხანს არ დააკავეს, არადა, ყველამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი“, – განაცხადა ზამი როგავამ, ლაშა ბერულავას ცნობით.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
