ახალი ამბები

„ბავშვთან ერთად დაგაგდებ ღორივით“ – ქონების გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

22 თებერვალი, 2023 • 801
„ბავშვთან ერთად დაგაგდებ ღორივით“ – ქონების გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების გამოძავლის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ამავე გამოძიების ფარგლებში კი მეხუთე პირი- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა – ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი – პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პ.ჩ.-ს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.

„ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.

ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები“, – წერს უწყება.

რაც შეეხება მეხუთე დაკავებულს – გ.მ.-ს, პოლიცია აცხადებს, რომ მისი სახლიდან დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი