ახალი ამბები

პუტინის მიმართვა რუსეთის პარლამენტს – მთავარი აქცენტები

21 თებერვალი, 2023 • 906
პუტინის მიმართვა რუსეთის პარლამენტს – მთავარი აქცენტები

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერალურ კრებას [ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო] მიმართა.

გამოსვლაში პუტინმა გაიმეორა  მოსკოვის ჩვეული გზავნილები– პროპაგანდა, თითქოს უკრაინაში ომი დასავლეთმა გააჩაღა და უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეებსა და მათ ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა.

ომი უკრაინაში და საგარეო პოლიტიკა

ომი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, – და დევნის მათ, ვინც ომს მოიხსენიებს ომად, – პუტინის მტკიცებით, გააჩაღა დასავლეთმა, ხოლო რუსეთი ძალას იყენებს ომის შესაჩერებლად. სინამდვილეში, როგორც ცნობილია, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა რუსეთმა განახორციელა 2022 წლის 24 თებერვალს.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტ იარაღს მიაწვდის დასავლეთი უკრაინას, მით უფრო იძულებული იქნება მოსკოვი,  საფრთხის ასარიდებლად თავისი საზღვრები გადაწიოს.

პუტინის თქმით, სანქციებისგან დაზარალებული რუსული ეკონომიკა ახალ ეტაპზე გადავა – „გვაქვს შესაძლებლობები გარღვევისთვის“. მისივე შეფასებით, „ეკონომიკურ ფრონტზე“ დასავლეთმა წარმატებას ვერ მიაღწია.

პუტინმა ასევე გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას შეთანხმებაში სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ. „არის ინფორმაცია, რომ აშშ ფიქრობს, ბირთვული ცდები ჩაატაროს. თუ ამას გააკეთებენ, ჩვენც გავაკეთებთ“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

„კუდიანებზე ნადირობას არ მოვაწყობთ“

პუტინის დაპირებით, რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს, რაიმე ზომები მიიღოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს [ამას ეწინააღმდეგება სხვა მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები].

„ეს მათ [წასულების] სინდისზე იყოს… დასავლეთის, როგორც წყნარი სავანის წარმოდგენა ყალბი აღმოჩნდა. ვინც ეს ვერ გაიგო, ბევრი დაკარგა. არცერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეეცოდა ისინი, ვინც კაპიტალი, იახტები და სასახლეები დაკარგა. ასეთ ხალხს ვეუბნები: უაზრობაა გაწვდენილი ხელით სირბილი, იყავით სამშობლოსთან“, – აღნიშნა პუტინმა.

შიდა პოლიტიკა

პუტინის დაპირებით, 2024 წლის საპრეზიდენტო და 2023 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩვეულებრივ რეჟიმში შედგება, „ყველა დემოკრატიული და საკონსტიტუციო პროცედურის დაცვით“.

ის აგრეთვე დახმარებას დაჰპირდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეებს და განაცხადა, რომ დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად სახელმწიფო ფონდი შეიქმნება. გარდა ამისა, უკრაინაში შეჭრის მონაწილეებს ხელისუფლება ნახევარ წელიწადში ერთხელ ორკვირიან შვებულებას ჰპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი