ახალი ამბები

რა თქვეს სენატორებმა ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე

20 თებერვალი, 2023 • 892
რა თქვეს სენატორებმა ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე

ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და დიკ დურბინმა, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მათ პატიმრობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს.

შაჰინი აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი საკითხებია ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის და აღნიშნული შესულია ევროკავშირის რეკომენდაციებშიც. სენატორის თქმით, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აწარმოონ საკუთარი საქმიანობა, სააკაშვილთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის უფლებები, მიუხედავად იმისა, თუ რა ბრალდებები აქვს წაყენებული მას:

„ევროკავშირის რეკომენდაციებში ეს არის პირობა, განსაკუთრებით- მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აწარმოონ თავიანთი საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ სურს ევროკავშირის წევრობა. ასევე ეს შეეხება იმას, რომ ოპოზიციის წევრებს არ უნდა აპატიმრებდნენ. ნებისმიერი ადამიანი, რა ბრალდებაც არ უნდა იყოს მის მიმართ წაყენებული, მისი უფლებები უნდა იყოს დაცული“, — აცხადებს შაჰინი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, სენატორ დიკ დურბინის თქმით, სამედიცინო ექსპერტი არაა, თუმცა ყურადღებით აკვირდებიან სააკაშვილის სიტუაციას და მისთვის ცნობილია, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.

„მე მოვუწოდებ ყველას ჰუმანური მოპყრობისკენ, მისი უფლებების დაცვისკენ. მას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს, უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა დიკ დურბინმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი