ახალი ამბები

ჟურნალისტების ნაწილს პარლამენტში საპროტესტო პლაკატები არ შეატანინეს

20 თებერვალი, 2023 • 1286
ჟურნალისტების ნაწილს პარლამენტში საპროტესტო პლაკატები არ შეატანინეს

საქართველოს პარლამენტის შესასვლელში ჟურნალისტებს, მათ შორის “ნეტგაზეთის” რეპორტიორს, “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მომზადებული საპროტესტო პლაკატები ჩამოართვეს.

საპროტესტო შინაარსის პლაკატების შეტანის უფლება არ მისცეს ასევე “სტუდია მონიტორის” თანამშრომლებსაც.

“არა პუტინის კანონს”; “რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!”; “არა უცხოეთის აგენტები, არამედ ჟურნალისტები!” – “მონიტორს” პარლამენტში არ შეატანინეს პლაკატები ამ წარწერებით. რაც შეეხება “ნეტგაზეთს”, პლაკატზე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 2023 წლის და ვლადიმერ პუტინის 2012 წლის განცხადებები იყო მოყვანილი, რომლის თანახმადაც ვერც პუტინი და ვერც კობახიძე “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ არ მისცეს პლაკატის შეტანის უფლება, დაცვის თანამშრომლებმა გვიპასუხეს, რომ ნებას პლაკატის “შინაარსის” გამო არ გვრთავდნენ, დამატებით შეკითხვაზე კი კომენტარი არ გააკეთეს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პარლამენტის პრესსამსახურს, სადაც ჯერჯერობით განმარტება არ გაკეთებულა.

დღეს, 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს. ჟურნალისტები საპარალმენტო უმრავლესობას მოუწოდებენ, უარი თქვან “ხალხის ძალის” მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვაზე.

ნეტგაზეთის სხვა ჟურნალისტებმა საპროტესტო პლაკატები ტანისამოსით, ბლოკნოტებით და სხვა საშუალებებით შეიტანეს. საუბარია თაბახის ფურცლის ზომის პლაკატებზე.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი