ახალი ამბები

სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია – ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ექსპრეზიდენტი მოინახულეს

19 თებერვალი, 2023 • 877
სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია – ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ექსპრეზიდენტი მოინახულეს

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო ორ თვეში გაუარესებულია. ამის შესახებ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, განცხადება გააკეთეს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ და ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა ექიმმა, თენგიზ წულაძემ.

მათი თქმით, ამ ეტაპზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული შეფასება არ შეუძლიათ, თუმცა კლინიკა “ვივამედში” დღევანდელი ვიზიტისას ჩატარებული გასინჯვით და ვიზუალური დათვალიერებით შეუძლიათ თქვან, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა 4 დეკემბერთან შედარებით გაუარესებულია.

“დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ ამ დეტალებზე, გაზომვის მონაცემები აღვწეროთ, დავწეროთ და შემდეგ უფრო მეტად ჩამოვყალიბდებით.

ამჟამად შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მდგომარეობა თანდათან გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. ეს გამოიხატება წონის კლებაში… გასინჯვის მონაცემებით ვამბობთ, რომ [სააკაშვილის მდგომარეობა] გაუარესებულია”, – განაცხადა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ აღნიშნული კომენტარის გაკეთება შეუძლია, დანარჩენ დეტალებს კი მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოინახულა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემაც. მისი განცხადებით, შემდგომ დღეებში ექიმებთან ერთად გამართავენ შეხვედრას და საბოლოო შეფასებასაც მათი მოსაზრებების გაანალიზების შემდეგ გააკეთებენ. თუმცა, ბურჯანაძის თქმით, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლების დაკვირვებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია:

“სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის დაკვირვებით, ბუნებრივია მისი მდგომარეობა დასუსტებულია. აღენიშნება წონაში კლება… ამ ეტაპისთვის, დღეს ჩვენ კონკრეტული სამედიცინო შედეგები არ გვექნება…

ჩვენი ამჟამინდელი სტრატეგია და გეგმა იქნება, რომ ძალიან ხშირად გამოვითხოვეთ სამედიცინო დოკუმენტებს როგორც კლინიკა “ვივამედიდან”, ისევე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან და შემდგომ გვექნება აქტიურად დაკვირვება ამ სამედიცინო დოკუმენტებზე”, – თქვა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ შემდგომ ვიზიტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს სწორედ ამ სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად მიიღებენ.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სააკაშვილთან კლინიკაში შევიდნენ მისი წერილის საფუძველზე, სადაც, როგორც ბურჯანაძე ამბობს, ექსპრეზიდენტი წერდა, რომ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და სთხოვდა ომბუდსმენის კონსილიუმის დამატებით ვიზიტს.

გარეკანის ფოტო: კადრი “TV პირველის” ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი