ახალი ამბები

ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

18 თებერვალი, 2023 • 1661
ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველოს მშვიდობიანი გეგმა აქვს.

ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიჰყვება:

„მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მედიაციის პროცესში.

თქვენ ბრძანეთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ესეც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისთვის გაგვაჩნია. ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენსავე ქვეყანაში 2008 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და როგორც ვთქვი, სამხედრო ბაზები აქვს რუსეთს კვლავ ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებულა“ — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ცუდი სიგნალი იყო. ამასთან, ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომსაც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომი, მსოფლიომ უნდა დაასრულოს:

„ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომელიც რუსეთზე დაწესდებოდა. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა რუსეთთან, ამიტომ, ვიტყოდი, ძალიან ცუდი სიგნალი იყო ის, რომ სანქციები არ მოჰყვა ჩვენს შემთხვევას. უნდა ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება. ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს,“ — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი