ახალი ამბები

ყალბი ასლარიანების დამზადებისთვის ბრალი სამ პირს წაუყენეს

17 თებერვალი, 2023 • 662
ყალბი ასლარიანების დამზადებისთვის ბრალი სამ პირს წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების მუხლით ბრალი სამ პირს წარუდგინეს, რომელთაგან ერთი დაკავებულია.

უწყების განცხადებით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ ასლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია 11 800 ლარის ოდენობის 118 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე- 2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი