ახალი ამბები

დიდთოვლობა რიკოთზე: Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა

17 თებერვალი, 2023 • 3984
დიდთოვლობა რიკოთზე: Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა

დიდთოვლობის გამო ქუთაისი-ბერლინის ავიარეისზე მგზავრთა ნაწილმა აეროპორტში მისვლა დააგვიანა, რის გამოც Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა.

როგორც მგზავრები აცხადებენ, უამინდობის გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალი ავტობუსი ორი საათით ადრე გავიდა, თუმცა მათ გაფრენა მაინც ვერ შეძლეს.

„ფრენა იყო დილის 06:10 საათზე, ავტობუსი თბილისიდან უნდა გამოსულიყო ღამის 00:00-ზე, რათა ადგილზე რამდენიმე საათით ადრე ყოფილიყო, თუმცა უამინდობის გამო ორი საათით ადრე გავიდა, ანუ 22:00-ზე. მგზავრები ადგილზე იყვნენ 05:42 საათზე, როცა ფრენა უკვე გადაწეული იყო 06:22-ზე, რაც ქუთაისმა არ ასახა არც საიტზე და არც ზარების დროს იძლეოდნენ ამ ინფორმაციას. ვიზეარმა მეილი მოიწერა მგზავრებთან, რომ ფრენა გადადო 30 წუთით. თუმცა არც ეს იყო აეროპორტის თანამშრომლებისთვის რაიმეს მომცემი. აგრეთვე, თვითმფრინავი ნაცვლად 06:10 საათისა, აფრინდა 07:18 საათზე, როცა მგზავრები უკვე თითქმის 2 საათის მისულები იყვნენ. საუბარია 87 მგზავრზე და არა 1-2-3 ადამიანზე“, — წერს ერთ-ერთი მგზავრი ფესიბუკ ჯგუფ „მოგზაურთა კლუბში“.

როგორც ნეტგაზეთს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, მგზავრთა რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო და, შესაბამისად, თვითმფრინავიც გაფრინდა. თუმცა, მათივე თქმით, მუშაობენ, რომ დაგვიანებულმა მგაზვრებმა ბილეთების გადაცვლა შეძლონ.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ნეტგაზეთს განუცხადეს, სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია.

მომხდართან დაკავშირებით WizzAir-ს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი